“ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საარჩევნო სიის შესახებ საუბრობს>
– როდის იქნება სიის სრული ვერსია მზად?
– პირველი ოქტომბერია ბოლო ვადა. სამდივნო სხდომა იქნება ნაციონალურ მოძრაობაში და ალბათ იქ ჩამოყალიბდებიან სიის საბოლოო სახეზე. მე დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, სად და ვისთან ხდება სიის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება.
– მიშა სააკაშვილთან გადიან კონსულტაციებს?
– გაივლიან, რა თქმა უნდ,ა რაღაცა დონეზე. ყველა გავლენიან ადამიანს აქვს თავისი კვოტები ამ სიაში.
– ვანო მერაბიშვილი არ ჩანს. რამდენად ძლიერია მისი გავლენები და რამდენად დიდია მისი კვოტა ამ სიაში?
– რა თქმა უნდა, ის მონაწილეობს და ჩართულია კიდეც ამ პროცესში.
– სწორედ ვანო მერაბიშვილმა ხომ არ გადმოიბირა ეს მაჟორიტარები?
– ალბათ ასეა. მე ამ პროცესებში მონაწილეობა არ მიმიღია. მე ერთი ვიცი, როდესაც ყველაზე ძალიან უჭირდა ამ პარტიას, მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა გავუწოდეთ ხელი და ყველანაირად შევეცადეთ, გვერდში დავდგომოდით და ამ ორი წლის განმავლობაში ვიყავით მათთან. ასეთ დროს, როგორც მინიმუმ, ის არ უნდა გითხრან, რომ არასანდო ხარო.
– ამას ვინ ამბობს, ნაცმოძრაობის ლიდერები?
– არა, ამას პირველი პირები არ ამბობენ. არც ნიკა მელიასგან და არც გრიგოლ ვაშაძისგან მსგავსი სისულელე არ გამიგია. ეს მოდის უფრო საშუალო რგოლიდან, თუმცა ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა