გადაწყვეტილია, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო მარათონში ერთვება და „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება.
„2020NEWS“-ს ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.
ბიძინა ივანიშვილმა სიის პირველ ნომრობაზე უარი თქვა. ჩვენი ინფორმაციით, ის საარჩევნო კამპანიის ბოლოს გააქტიურდება.
მის აქტიურობას ელოდებიან როგორც მმართველ პარტიაში, ასევე გარე პოლიტიკურ სპექტრშიც.
ამასთანავე, როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, 10 სექტემბერს მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის ვინაობაც გახდება ცნობილი.
პირველ ოცეულში, გავრცელებული ინფორმაციით, იქნებიან ქალი წევრები: მინისტრი თეა წულუკიანი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, ელისო ბოლქვაძე, ნინო კობახიძე.
ჩვენი ინფორმაციით, ოცეულში მოხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ასევე მაჟორიტარი კანდიდატებიდან ოცეულში იქნებიან: დავით სერგეენკო, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, კახა კახიშვილი.
პარტიის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, ოცეულის წარდგენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ვნახოთ, რამდენად შეასრულებს მმართველი პარტია პირობას, რომ ახალი სახეებს მრავლად ვიხილავთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.