პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კოალიციური მთავრობის პერსპექტივებზე საუბრობს:
– მთავრობის შექმნის საშუალება, პირველ რიგში “ქართულ ოცნებას” აქვს. ის ყველაზე მეტ ხმას აიღებს, მინიმუმ 40%-სა და მაქსიმუმ 47%-ს. ნებისმიერ შემთხვევაში მას გაუჭირდება დამოუკიდებლად მთავრობის შექმნა. ამიტომ დასჭირდება კოალიცია.
– ვისთან შექმნის კოალიციას?
– მისთვის ყველაზე იდეალური იქნებოდა, კოალიცია შეექმნა “პატრიოტთა ალიანსთან”, თუმცა ბოლო პერიოდში “პატრიოტთა ალიანსი” დიდი დარტყმის ქვეშ მოექცა და რეიტინგი დაკარგა. მისი დაფინანსება რუსეთიდან მკაფიოდ გამოიკვეთა და “პატრიოტთა ალიანსზე” წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. თუ “ოცნებამ” “პატრიოტთა ალიანსთან” დაუშვა თავისი ალიანსი, ეს დაარტყამს მის რეპუტაციას, იტყვიან, რომ ისიც პრორუსული ძალაა, რაც მისთვის ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ აჯობებს, სხვასთან ეძებოს ეს კოალიცია.
ეს არის პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტად განიხილება უმცირესობის მთავრობა. ოპოზიცია იმ შემთხვევაში შეკრავს უმრავლესობას, თუ ორი პარტია ერთად იქნება. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო”. ეს გამორიცხულია. ამიტომ აქ შემოდის მესამე ვარიანტი.
– და რა არის ეს მესამე ვარიანტი?
– “ევროპულმა საქართველომ” ან სულაც “ლელომ”, შესაძლოა თქვას, ხომ ხედავთ, ვერც “ქართული ოცნება” აკომპლექტებს მთავრობას და ვერც ოპოზიცია. რა ვქნათ, დავაქციოთ ქვეყანა? ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, გარკვეული მკაცრი პირობებით მხარი დავუჭიროთ “ოცნებასო”. ეს მესამე ვარიანტი, შესაძლოა, ყველაზე რეალისტური იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ “ევროპულმა საქართველომ” ყველას დაასწროს და ეს განაცხადოს. ამას გააკეთებს ან “ევროპული საქართველო”, ან “ლელო”. მათი შანსები საკმაოდ მაღალია.
– ერთ-ერთი იქნება “ოცნებასთან” კოალიციაში?
– ეს არის მესამე ვარიანტი და ყველაზე რეალისტური. ჯერ პირველ-მეორე ვარიანტს მოსინჯავს “ოცნება”, იქნებ გამოსდის და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა მესამე ვარიანტზე. თუ ესეც არ გამოვიდა, მაშინ ველოდოთ მორიგ ვადამდელ არჩევნებს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა