რომან გოცირიძე – „კახიშვილი ვაშაძეს ისანში უპრობლემოდ მოუგებდა და დეკანოიძე იმიტომ დავაყენეთ“

რომან გოცირიძე - „კახიშვილი ვაშაძეს ისანში უპრობლემოდ მოუგებდა და დეკანოიძე იმიტომ დავაყენეთ“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ფრაქცია ნაცმოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს

– ბატონო რომან, ისნის ოლქში ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინეთ. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სწორედ ნაცმოძრაობამ გატეხა სიტყვა და დაარღვია შეთანხმება. რა პასუხი გაქვთ ამ ყველაფერზე? ხომ ამბობდით, რომ მხოლოდ ორი კანდიდატი გეყოლებოდათ თბილისში?

– არა, ეს ასე არ არის. როდესაც ჩვენი ინიციატივა იქნა გახმოვანებული, თბილისში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობიდან ორ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის დაყენების თაობაზე, ჩვენ იმ დღიდან მოყოლებული, მუდმივად ერთგული ვართ ჩვენი შეთანხმებისა. ისანს რაც შეეხება, აქ დაყენებული იყო კანდიდატი, ჩვენივე 5 ნომრით, ოღონდ „ძალა ერთობაშიას» პარტიული ბლოკის სახელით, გიორგი ვაშაძე. ანუ გიორგი ვაშაძე ისანში დაყენებული იყო, როგორც ფაქტობრივად მესამე წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობისა, ოღონდ „ძალა ერთობაშიას» სახელით.

– ვაშაძე ასე არ მიიჩნევს, ის აცხადებს, რომ ის მისი პარტიის სახელით მონაწილეობს და მსგავსი განცხადებაც არასდროს გაკეთებულა თქვენი მხრიდან.

– არა, ის წარდგენილი იყო „ძალა ერთობაშიას“ სახელით. როდესაც მისი კანდიდატურა დავაყენეთ, მაშინ არსებობდა ბლოკი, უფრო ზუსტად, კოალიცია „ძალა ერთობაშია“. ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ მისი პარტიიდან იქნებოდა ორი კანდიდატი, ხოლო მესამე იქნებოდა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, ოღონდ ასევე მეხუთე ნომრით.

– ეს როგორ? სამზე არასდროს ყოფილა საუბარი. ახლა სულ სხვაგვარად ლაპარაკობთ.

– არა, ასე არ არის. ნაციონალური მოძრაობა აყენებს მხოლოდ ორ კანდიდატს, ხოლო მესამე კანდიდატი წამოაყენა „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა სუბიექტმა, რომელსაც ასევე კენჭი უნდა ეყარა მეხუთე ნომრით.

– თუ მეხუთე ნომრით იყრიდა კენჭს, გამოდის, რომ ისიც თქვენი იყო და თვალთმაქცობდით, ორი კანდიდატი გვყავსო.

–  ასეთი იყო სტრუქტურა.  გვყავდა ორი კანდიდატი, ხოლო მესამე _ ბლოკის სახელით. ამის შემდეგ კი დაირღვა ეს შეთანხმება, გიორგი ვაშაძემ, ფაქტობრივად, წამოაყენა უკვე ორი კანდიდატურა საკუთარი პარტიიდან. ერთი საბურთალოზე და ერთიც საკუთარი თავი, ისანში. ეს არ არის იმ შეთანხმების კონფიგურაცია, რაც იყო თავიდან. გიორგის ასეთმა ქმედებამ კი დააბნია ჩვენი ამომრჩეველი, რადგან მან სრულიად სხვა ნომრით წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა.

რეალურად, პროპორციული სიის ნაწილშიც ნაციონალური მოძრაობა სერიოზულად დაზარალდებოდა. ეს ერთი, მაგრამ ეს არ არის მთავარი…

– აბა რა არის მთავარი, თქვენი ამომრჩეველი მოითხოვდა, რომ გყოლოდათ კანდიდატი?

– ჩვენ გვყავდა ხუთი ნომრით როგორც მაჟორიტარი, ისევე ხუთი ნომრით ხმის მიმცემი პროპორციულ სიაში, თუმცა ესეც არ არის არსებითი. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაჩვენა ბოლო მოვლენებმა, რომ შესაძლებელია, ისნის ოლქში პირველივე ტურში დამარცხებულიყო ოპოზიციის კანდიდატი. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი ვაშაძემ დატოვა ბლოკი „ძალა ერთობაშია“, ამან სერიოზულად დააბნია ჩვენი ამომრჩეველი.

– ამომრჩეველი ახლა უფრო დაიბნევა და ხმებიც დაიკარგება.

– არა, ასე არ იქნება. ჩვენი ამომრჩეველი უკვე გარკვეულია. ისანში ხუთი ნომერი იქნება ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი, ხატია დეკანოიძე და ასევე ხუთ ნომერზე პარტიულ სიას დაუჭერენ მხარს.

– თქვენ შესაძლოა დაგეკარგათ ხმები ისანში და ეს იყო ძირითადი მოტივი?

– ყველა ამ მოვლენიდან გამომდინარე, გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ ყველაზე დიდი ამომრჩეველი, რომელიც ჰყავს ნაცმოძრაობას, არ მისცემდა ხმას გიორგი ვაშაძეს და გაჩნდა საფრთხე “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვებისა ისანში.

– “ოცნებას” ისანში საკმაოდ ძლიერი კანდიდატი ჰყავს კახი კახიშვილის სახით, საუბარია იმაზეც, რომ თქვენი ქმედებით კიდევ უფრო გაზარდეთ მისი გამარჯვების შანსი.

– დიახ, “ქართულ ოცნებას” ისანში ძლიერი კანდიდატი ჰყავს. ის არ არის რომელიღაც მეღვინე, ან მდუმარე დეპუტატი, ამიტომ საჭირო გახდა, მას დაპირისპირებოდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი!

– „ევროპულმა საქართველომ“ პირდაპირ განაცხადა, რომ ისანში ვაშაძეს დაუჭერენ მხარს. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნაცმოძრაობას ამომრჩეველი ამის გამო დასჯის, რადგან ხალხი არ ცდება შეფასებებში. ამაზე რას იტყვით?

– მათი გადასაწყვეტია, ვის დაუჭერენ მხარს.

– უმწიფარი და უპასუხისმგებლო უწოდეს თქვენს გადაწყვეტილებას.

– ყველას აქვს თავისი აზრი და თავის შეხედულება. საბოლოო ჯამში, მტყუანს და მართალს განსჯის ამომრჩეველი და ამას გამოაჩენს არჩევნების შედეგები. ამიტომ, თუ რომელი გზა იყო სწორი, ამას აჩვენებს შედეგები. შედეგი კი იქნება ის, რომ ძალიან დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური ისანში და შეუძლებელია, რომ “ქართულმა ოცნებმა” გაიმარჯვოს.

ჩვენ არ ვარღვევთ შეთანხმებას, თბილისში ხუთი ოლქიდან ოთხში მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატს, მეხუთეში, საბურთალოზე, მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ არც ვაყენებთ ჩვენს კანდიდატს. რეგიონებშიც თუ რომელიმე კანდიდატი გაიმარჯვებს, ბუნებრივია, მხარში დავუდგებით. ეს ჩვენი ქვეყნის და ოპოზიციის ინტერესებშია.

– ბატონო რომან, თქვენ საუბრობთ, რომ გიორგი ვაშაძე უპირობოდ დამარცხდებოდა, თქვენი კანდიდატი რომ არ წარგედგინათ, თუმცა ბევრს ჰგონია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების თამაში ითამაშეთ, რადგან კიდვ უფრო დააბნიეთ ამომრჩევლი.

– ასე არ არის. ჩვენი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არ მისცემდა ხმას გიორგი ვაშაძეს და ჩნდებოდა სერიოზული რისკი, პირველივე ტურში გაემარჯვა სახელისუფლო კანდიდატს. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო დაზღვევა იმის, რომ ეს არ მომხდარიყო და პროცესი გადასულიყო მეორე ტურში.

– ჯერ კიდევ საკითხავია, გადავა თუ არა პროცესი მეორე ტურში.

– გადავა, რადგან ჩვენ დიდძალი ამომრჩეველი გვყავს და ისინი არ აპირებდნენ, ხმა მიეცათ გიორგი ვაშაძისთვის.

– ამ პროცესების პარალელურად აქტიურდება მიხეილ სააკაშვილი და როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც გამოდის და აცხადებს, რომ ბრუნდება. რა ხდება, აქაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამთ წყალს და ამომრჩეველს რაზმავთ “ოცნების” სასიკეთოდ?

– მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იყო თუ არა აქტიური?!

– ის ყველა არჩევნების წინ აქტიურდება და ხან ზღვით მოდის და ხან ხმელეთით.

– აქტიური კი არა, ჰიპერაქტიური იყო. მუდმივად ჰქონდა ჩართვები, ტელევიზიით თუ სკაიპით. ამან ხელი შეუშალა გრიგოლ ვაშაძეს, რომ სერიოზული მხარდაჭერა მიეღო?!

– შეუშალა თუ არ შეუშალა, ფაქტია, რომ “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.

– მაშინ მრავალმა სხვა ფაქტორმა იმუშავა. მათ შორის ადმინისტრაციულმა რესურსმა, გაყალბებამ, მოსყიდვამ და ძალადობამ. მეორე ტურში ოპოზიციიდან ყველამ არ დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს, დღეს კი სხვა ვითარებაა.

– მაშინ რას ემსახურება მისი განცხადებები, მიშას მხარდამჭერების დარაზმვას? თავის შეხსენებას?

– დიახ, ეს ემსახურება ნაციონალური მოძრაობისთვის დამატებითი ხმების მოტანას.

– ანუ მიშას გარეშე უჭირს ნაციონალურ მოძრაობას? თქვენი ამომრჩევლის უმრავლესობა ისევ სააკაშვილზეა ორიენტირებული?

– დიახ, იმ ამომრჩეველზე, რომელიც ორიენტირებულია მართლაც სააკაშვილზე და მათი ხმების გაზრდაზე.

– მაგრამ ის ხომ ატყუებს ამომრჩეველს, როდესაც ეუბნება, რომ მოდის? ანუ მხოლოდ მათ მობილიზებას ემსახურება ეს განცხადებები?

– ხელისუფლების შეცვლამდე რომ არ დაბრუნდება, ეს ფაქტია.

– ის ამას არასდროს ამბობს.

– ხელისუფლება რომ შეიცვლება, ის დაბრუნდება და ეს ფაქტია. ამომრჩევლისთვის, წესით, ეს გასაგებია.

– რა გამოდის, ნაციონალური მოძრაობა, გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრად ისევ სააკაშვილს განიხილავს?

– ყველა პარტიას ეყყოლება თავისი კანდიდატი.

– ეს გასაგებია, მე თქვენს კანდიდატზე გეკითხებით. ვინ იქნება თქვენი კანდიდატი, მიშა?

– ჩვენ ამას გადავწყვეტთ სულ მალე და თუ გადავწყვიტეთ, რომ გვეყოლება პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ამასაც დავასახელებთ.

თუ ვინ იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.