სააკაშვილი – “ჩემთან ასოცირებული პირების მოჭყანული სახეების ბილბორდებზე დახატვას აპირებენ”

სააკაშვილი - "ჩემთან ასოცირებული პირების მოჭყანული სახეების ბილბორდებზე დახატვას აპირებენ"მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

„სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას.

მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პრობლემებია ახლა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ეს ტემპები გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და ეს გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ როგორმე უნდა მოვახდინოთ განეიტრალება”

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა.

“და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლისსამართლებრივი დევნა, რევანში, რომლის წინააღმდეგიც მე პირადად კატეგირიულად ვარ და ეს არ განხორციელდება, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს, მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწრაფი განვითარება, ამიტომ ეშინიათ ჩვენი ყველაზე მეტად. ახლა ხდება მონტაჟების გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაღაც ჩანაწერების გამოყრა ნამდვილის, თუ ტყუილის, მერე ბილბორდებზე ჩემი და ჩემთან წარსულში თუ ახლა ასოცირებული რამდენიმე პირის მოჭყანული სახეების დახატვა და ხალხის დაშინება ისევ, „ბუა მოდის“ და „მგელი მოდისო“. რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდზე, მითუმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ ჩემი ჩვენება ჩვენ საარჩევნო რეკლამაში, მით უფრო კარგია ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის”, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ჩვენ ახლა აღარ გვაქვს დასაკარგი დრო.

“საქართველოს აქვს მაგარი პერსპექტივები. ჩვენთვის ეს არის ან გამარჯვება, ან საქართველოს პერსპექტივის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი. ასე, რომ სიკვდილს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ასეც იქნება!“ – აცხადებს სააკაშვილი.