შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
შსს-ს ცნობით, გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი – დაშავდა.
შსს-ს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.
სამინისტრო იუწყება, რომ დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

