დავით კირკიტაძე – “ბუბა კიკაბიძე გაუტეხლობის და მტერთან არდამორჩილების ნიშნით შევარჩიეთ”

დავით კირკიტაძე - "ბუბა კიკაბიძე გაუტეხლობის და მტერთან არდამორჩილების ნიშნით შევარჩიეთ"რა ნიშნით შეარჩია „ენმ – ძალა ერთობაშია“-მ პროპორციული სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე? ამის შესახებ “ახალ თაობასთა” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე საუბრობს.

_ კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ პირველ ნომრად დაასახელეთ ბუბა კიკაბიძე. რა ნიშნით შეარჩიეთ?

_ ბუბა კიკაბიძე არის მრავალი თაობის საქართველოს მოქალაქის და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის საყვარელი ადამიანი. ბუბა კიკაბიძე არის სიმბოლო პრინციპულობის, გაუტეხლობის და მტერთან არდამორჩილების. მის ბევრ სხვა დადებით თვისებებთან ერთად ის ამ პრინციპით შევარჩიეთ.

_ პოპულარული გათვლა გაკეთდა?

_ რა თქმა უნდა. ეს არის საზოგადოების ყველა ფენისათვის მისაღები ადამიანი და რა თქმა უნდა ის არის ღია და დეკლარირებული მხარდამჭერი იმ კურსისა, რაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ბუნებრივია აქედან გამომდინარე შეირჩა.

თქვენი კითხვის არსი ვერ გავიგე. სხვა პრინციპით უნდა შეგვერჩია?

_ მე მგონია და ველოდი კიდეც, რომ პოლიტიკურ ფიგურაზე გააკეთებდით აქცენტს.

_ ბუბა კიკაბიძე აკეთებს ძალიან სწორ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებებს. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც სხვა პოლიტიკური პარტიების სათავეში არიან. ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ.

სად გინახავთ თქვენ პრემიერ გახარიას განცხადებები, სანამ ის ხელისუფლებაში მოვიდოდა?! პირიქით, ის მოსკოვში ბიზნესით იყო დაკავებული და 2008 წლის ომის შემდეგაც აგრძელებდა ამ საქმიანობას, მაშინ როდესაც კიკაბიძეს არაერთი თხოვნა და შემოთავაზება ჰქონდა პუტინის მხრიდან თუ რუსეთის ხელისუფლების მაღალი იერარქიიდან, რომ ის ჩასულიყო რუსეთში და კონცერტი გაემართა. ეს მას არ გაუკეთებია და პირიქით პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მიუთითა, რომ რუსეთის ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები დამნაშავეები არიან ჩვენი ერის წინაშე და მათ შორის რუსების წინაშეც. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება?! ეს არ გახსოვთ?

_ რა თქმა უნდა, მახსოვს და ეს სწორ მოქალაქეობრივ პოზიციადაც მიმაჩნია.

_ ჩვენ ბუბა კიკაბიძე არ დაგვისახელებია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. პრემიერობის კანდიდატი გვყავს პოლიტიკოსი, რომელიც არის ყველაზე წარმატებული და გამოცდილი პოლიტიკოსი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა