გია ხუხაშვილი – “ასეთ სერიოზულ დეგრადაციას ვერ წარმოვიდგენდი”

გია ხუხაშვილი - "ასეთ სერიოზულ დეგრადაციას ვერ წარმოვიდგენდი"ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარლამენტის მუშაობა შეაფასა.

_ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, რით დაგამახსოვრათ თავი ამ პარლამენტმა?

_ იმით დამამახსოვრა, რომ ეს არის პრაქტიკულად პირველი პარლამენტი, რომლისთვისაც არ მიყურებია. არცერთი სხდომა არ მინახავს და არც დავინტერესებულვარ. წინა პარლამენტებიც არ გვქონდა ცივილიზებული და დავარცხნილი, მაგრამ ეს საერთოდ კატასტროფა და არაფრის მთქმელი და გაუგებარი წარმონაქმნი იყო, რომელიც ვიღაცის ხუშტურებს ადასტურებდა და მეტი არაფერი. იქ ხომ პოლიტიკა არ კეთდებოდა?! ერთმანეთის კინკლაობა კი ბატონო იყო, მაგრამ ეს არც წინა პარლამენტებს აკლდა.

_ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იყო, როდესაც მოქმედ პარლამენტარს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს და სამაჯური დაადეს. მელიას ვგულისხმობ.

_ როდესაც ასეთი ვითარებაა და არაფერი არ წყდება, როდესაც გარედან დირექტივებით მოქმედებენ, რა თქმა უნდა, იქ შესაძლებელია მათ შორის ეგეთი რაღაცა.

_ რა მოგვიტანა „ოცნების“ 8 წელმა და თეორიულად თუ მაინც წარმოიდგენდით ამ რეალობას, როდესაც თქვენც იმ გუნდის წევრი იყავით?

_ არა. სამწუხაროდ, ვერ წარმოვიდგენდი. ოპტიმისტი ვიყავი და ოპტიმისტურად ვუყურებდი პროცესებს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამდენად სერიოზული დეგრადაცია იქნებოდა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა