ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს.
_ დავით გარეჯთან შექმნილი კომისიის ყოფილი წევრისა და თავმჯდომარის სახლის და კაბინეტის ჩხრეკა მიმდინარეობდა. რას ემსახურება ეს პროცესი?
_ მე გამიჭირდება ამაზე დიაგნოზის დასმა. რაც უნდათ ის იძიონ და რაც უნდათ ის აკეთონ. საარჩევნო საკითხებიც არ არის მთავარი. საარჩევნო მიზნებით მანიპულაციას დიდი ხანია შეჩვეულები ვართ. მაგრამ აზერბაიჯანთან მიმართებაში კონტექსტი ძალიან მძიმეა. აზერბაიჯანი ახლა ცხელი ომის მდგომარეობაშია ყარაბაღთან დაკავშირებით. ის ცდილობს, დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები. ამ დროს გამოითქმება ეჭვები, რომ რაღაც რუკებია, მერე ამბობენ, რომ აზერბაიჯანმა ვიღაცას ქრთამი გადაუხადა ამაში.
კონტექსტი გამოდის ძალიან მძიმე. იმიტომ, რომ დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ ტიპის გაუგებრობის შემოტანა, თანაც ზუსტად ტერიტორიულ პრობლემასთან დაკავშირებით, არის წმინდა წყლის რუსული თამაში, მოდით, ასე ვთქვათ, რუსულ-სომხური.
_ ეს საკითხი რეგიონის გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა დავინახოთ?
_ რა თქმა უნდა. ასეთი დამთხვევა შეუძლებელია. რანაირი დამთხვევაა. თქვე კაი ადამიანებო, 1-2 კვირა მოიცადეთ. გავიდეს ცოტა დრო. რატომ გახდა ასეთი სასწრაფო, როდესაც იქ ომი დაიწყო?! ძნელი იქნება აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ შემთხვევით ხდება და მეტი არაფერი.
ნაბან წყალს ბავშვი თუ გადააყოლე, რა მნიშვნელობა აქვს, ამის შემდეგ რა მიზნებზე შეიძლება იყოს საუბარი. ამის შემდეგ ვიღაცას გაუკვირდება, როდესაც პრორუსობას დააბრალებენ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა