“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ვერ მართავს,
ირაკლი ოქრუაშვილი:
– 1 ნოემბერს ჩვენ უნდა გავიღვიძოთ სულ სხვა რეალობაში. აუცილებლად მოგვიწევს კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა. თუ სიტყვაზე კოალიციაში იქნება 6-7 პარტია, მათ გაცილებით მეტი სტიმული ექნებათ ერთმანეთის კონტროლის და კონკურენციის. ამის შედეგად მოხდება გაცილებით მეტი საქმის კეთება, ვიდრე ივანიშვილის გემოვნებით შემდგარ მთავრობაში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს უსაფრთხოების სფეროზე, არც ეკონომიკაზე, არც ჯანდაცვის სფეროსა და არც განათლებაზე.
– რა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა?
– ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის მახინჯი მმართველობითი სისტემა. ერთ ადამიანზე აგებული სახელისუფლებო ვერტიკალი, უსაფრთხოების სისტემა ემსახურება ერთი ადამიანის უსაფრთხოებას, ერთი ადამიანის კეთილდღეობას და დანარჩენი საზოგადოება სრულიად იგნორირებულია.
– ეს ერთი ადამიანი ივანიშვილია?
– რა თქმა უნდა. ივანიშვილის გარდა ვინ არის კიდევ?! ზუგდიდის მაგალითმა დაგვანახა იგივე და ეს იყო ნათელი სიმპტომი იმისა, რომ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე დგას დღეს მთელი საზოგადოება. ასეთი ფაქტი რომ განმეორდეს, არავინ არის დაცული ამ ქვეყანაში.
31 ოქტომბერი არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დღე თითოეული ჩვენგანისთვის. მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსია ადამიანი, მეწარმე თუ რა პროფესიისაც არ უნდა იყოს. ყველა ერთად ამ ქვეყნის დასაცავად და იმისათვის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და გავაკეთოთ სწორი არჩევანი.
მე ვთხოვდი ამომრჩევლებს, რომ შემოხაზონ N17.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა