ირაკლი ოქრუაშვილი – “საბურთალოზე მეორე ტური იქნება ჩემსა და სერგეენკოს შორის”

ირაკლი ოქრუაშვილი - "საბურთალოზე მეორე ტური იქნება ჩემსა და სერგეენკოს შორის"ირაკლი ოქრუაშვილის აზრით, 2020-ის არჩევნების შმდე ვერცერთი პარტია ვერ დააკომპლექტებს მთავრობას დამოუკიდებლად.

ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა:

_ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური, კოალიციური პასუხისმგებლობით. რაც მეტი პატარა პარტია მოხვდება პარლამენტში და რაც მეტად დაბალანსდება ძალაუფლება, რომელიც თავმოყრილია ხოლმე ერთი პიროვნების თუ ერთი პარტიის შიგნით, მით უკეთესი იქნება ხოლმე ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ კოალიციურ მმართველობაზე უნდა გადავიდეთ, რისი გამოცდილებაც დღემდე არ გვქონია.

_ რამდენ პროცენტს ელოდებით პარტიულს და გადიხართ თუ არა პირადად თქვენ მეორე ტურში?

_ მეორე ტური აუცილებლად იქნება ჩემსა და სერგეენკოს შორის, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ, მთავარია კიდევ ერთი რამე – კოალიციური მმართველობისას გაცილებით ადვილი გახდება შესაძლებლობა თუ ჩვენ საფუძვლად ავიღებთ იმ პრინციპებს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ამ ჩიხიდან და ჭაობიდან.

ეს არის გადასახადების შემცირება, ბიზნესისთვის რეგულაციების შემსუბუქება, კარტერული გარიგებების და მონოპოლიების სამუდამოდ აღმოფხვრა ბიზნესში, რომელსაც ყველა სახელისუფლებო პარტია დროდადრო აჯდებოდა და თავისი პარტიული ელიტისთვის იყენებდა. ეს არის ასევე კორუფციის აღმოფხვრა და კრიმინალის შემცირება. ამის ირგვლივ თუ შევთანხმდებით, გადაჭრილი იქნება ის მთავარი საკითხები, რომლებიც დღეს ჩვენ საზოგადოებას აწუხებს. ეს არის უმუშევრობა, გაზრდილი სიღარიბე, ლარის კატასტროფული დევალვაცია, ფასების მატება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა