“ივანიშვილი “ოცნებას” განუდგა” – ხათუნა ლაგაზიძე

"ივანიშვილი "ოცნებას" განუდგა" - ხათუნა ლაგაზიძეექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 2020-ის არჩევნებზე საუბრობს.

_ სად არის ივანიშვილი იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ სააკაშვილი ყოველდღე ტელევიზორშია?

_ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი: ეს არის იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი მისთვის ყველაზე გადამწყვეტი არჩევნების მომენტში გვერდზეა გამდგარი და ამომრჩეველს საკუთარი გუნდი პირისპირ შეატოვა. წაგების შემთხვევაში პასუხისმგებელი მასთანაც და ამომრჩეველთანაც მისი გუნდი იქნება. ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში მისი აქტიური გვერდზე დგომა და გარინდება დამატებით შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ის დაელოდება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და იმოქმედებს აქედან გამომდინარე. ამიტომ, არც ის გამოვრიცხოთ, რომ ის  არჩევნების შედეგების აღიარებისთვის ემზადება.

_ რატომ, თავისი ქონების სანქციების ეშინია?

_ მხოლოდ ქონება არ არის არსებითი. ვფიქრობ, რომ მას თავისი რაციონალიზმი და პრაგმატიზმი არ დაუკარგავს და ხვდება, რომ ის გახდება ხალხის აგრესიის უპირველესი ობიექტი: მოგების შემთხვევაში – ოპოზიციის, ხოლო წაგების შემთხვევაში – „ოცნების“ მომხრეების. ამიტომაც, „ოცნებისთვის“ ყველაზე კრიტიკულ არჩევნებში ის თავად არ მოუწოდებს ხალხს „ოცნების“ გამარჯვებისკენ და თავად არ ხდება მთელი ამ კამპანიაზე პასუხისმგებელი პირი.

რადგან მისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები უმთავრესია, ამიტომაც ის შედეგებს გვერდიდან მაყურებლის პოზიციიდან დაელოდება. თუმცა, გარკვეული აქტივობები არჩევნების ბოლო დღეებში, ალბათ, მასაც ექნება.

თუ სააკაშვილის აქტიურობის ფონზე ნაციონალურ მოძრაობას შევადარებთ, ამ სიტუაციაში „ქართული ოცნება“ ობოლი ბავშვივით გამოიყურება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა