ხათუნა გოგორიშვილი – „ბონდო მძინარაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს“

ხათუნა გოგორიშვილი - „ბონდო მძინარაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს““ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მარნეულში მომხდარ ექსცესზე საუბრობს:

_ საკრებულოს თავმჯდომარე როდესაც თვითონ ურტყამს სახეში სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს, ეს რას ნიშნავს?! არ აქვს მნიშვნელობა, ვის გაარტყამს საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ როდესაც ასეთ ქმედებას ჩადის, ამას რა უნდა დავარქვათ?!

_ ეს არის ის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში?

_ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის პოსტით დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხს, რომელიც ამბობს, ვის უკვირს ასეთი კამპანიაო. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ამას ამბობს, პირდაპირ მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს.

ის, რომ ოდესღაც იყო, ის რომ ადრე იყო, ეს ნიშნავს, რომ სულ ასეთ ჭაობში უნდა ვიყოთ და აღარ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან?! როგორ შეიძლება ამ არგუმენტის მოყვანა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია.

_ რა გარანტიაა, რომ ოპოზიციაც იგივეს არ გაიმეორებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რადგან ათწლეულებია, ამ მანკიერ წრეში ვტრიალებთ?

_ ახლა თქვენც ბონდო მძინარაშვილივით ლაპარაკობთ, წლებიაო. არ მაინტერესებს, რა არის, ვილაპარაკოთ, რა არის დღეს და რა გვინდა იყოს ხვალ.

_ სწორედ ხვალ რაც გვინდა, მაგაზე ვსვამ კითხვას. 

_ ეს უნდა შეიცვალოს. ზუსტად მაგას ვამბობთ, რომ ცვლილება არის ის, რაც სჭირდება საქართველოს და რასაც ითხოვს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. უნდა შეიცვალოს სტერეოტიპები, უნდა შეიცვალოს დამკვიდრებული ტრადიციები, უნდა შეიცვალოს ის, რასაც ჰქვია ჩვენთან საარჩევნო გარემო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა