„ოცნების“ წისქვილი უკუღმა დატრიალდა, ცუდი ამინდიც კი მას ბრალდება“ – მამუკა გამყრელიძე

„ოცნების“ წისქვილი უკუღმა დატრიალდა, ცუდი ამინდიც კი მას ბრალდება“ - მამუკა გამყრელიძემამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვითარება

აუცილებლად შეიცვლება:

– “ოცნება” წამგებიან სიტუაციაშია ნებისმიერ შემთხვევაში. მისი წისქვილი უკუღმა დატრიალდა. იცით, როგორი ამბავია? ცუდი ამინდი რომ იქნება და ვისი ბრალია და “ოცნების” ბრალია. აი ეს პროცესი მიდის.

ამას ხელს უწყობს პანდემიით გამოწვეული ვითარებაც. ის სეგმენტი, სადაც თავს ძლიერად გრძნობდა ხელისუფლება, ვგულისხმობ ჯანდაცვას, აღმოჩნდა კატასტროფულად დაბალ დონეზე.

ხარისხით ამაზე დაბალი დონის მინისტრი მე არ მინახავს. ადამიანს წარმოდგენა არა აქვს საერთოდ სამედიცინო მენეჯმენტზე. შესაბამისად, ხალხი გაღიზიანებული და შეშინებულია, ესეც ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს. ამიტომ ოპოზიცია გაიმარჯვებს. ერთადერთი რაც მაშინებს, არის ის, თუ როგორ დალაგდება ოპოზიცია პარლამენტში არჩევნების შემდეგ.

– ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაგრამ შესაძლოა მერე პარლამენტში ვეღარ შეთანხმდნენ?

– აი, ეს იქნება გამოცდა ოპოზიციისთვის. გაიმარჯვებს პრაგმატიზმი, თუ გაიმარჯვებს ემოციური მიდგომა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

– ვერც კოალიციური მთავრობით შეძლებს “ოცნება” დარჩენას?

– მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება. ამომრჩევლის აქტივობა უნდა იყოს მაღალი. პასიურობა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა აქ მეორე ამბავია გასათვალისწინებელი, შესაძლოა, ხელისუფლება წავიდეს ლუკაშენკოს გზით.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა