ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი ბიუჯეტის პროექტზე საუბრობს:
– ყველა ძველი ხარჯი, რაც კი იყო ჩადებული, ბევრი უსარგებლო, ბევრი, შეიძლება, სასარგებლო, ოღონდ არა ამწუთას განსახორციელებელი, ბევრი ბიუროკრატიული და მასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა, ეს ყველაფერი დარჩა ბიუჯეტში.
– ანუ არანაირი ქამრების მოჭერა არ იგრძნობა?
– რის ქამრის შემოჭერა, რა ქამრის შემოჭერა?! ამ წლის ბიუჯეტში დევს, რომ 25 მილიონი ლარის მსუბუქი ავტომობილები უნდა იყიდონ 300 ცალი. ეს ხომ კატასტროფა და ადამიანების დაცინვაა?!
– იმ ფონზე, როდესაც ასეთი სერიოზული კრიზისია ქვეყანაში და ლარი თავზე გვემხობა?
– სწორედ ამ ფონზე, როდესაც ამდენი კატასტროფა მოხდა, ადამიანი იფიქრებდა, რომ ახალი ბიუჯეტი მაინც შემოვიდოდა ისე, რომ გათვალისწინებული იქნებოდა ეს მძიმე ვითარება. ნურას უკაცრავად! კვლავაც საშინაო და საგარეო ვალის ზრდა, აღებული 5 მილიარდი ვალიდან 2,5 მილიარდი წელს დაიხარჯა, მეორე ნახევარი მომავალ წელს დაიხარჯება, ამას ემატება ახალი ვალები და ყველაფერი, რაც კი ამ ბიუროკრატიასა და მათ პირად ინტერესებს ხმარდებოდა, ისევ ჩარჩა.
– საბოლოო ჯამში, რის თქმა შეგიძლიათ 2021 წლის ბიუჯეტზე?
– 2021 წლის ბიუჯეტით შეგვიძლია, მომდევნო წლების ბიუჯეტიც განვსაზღვროთ. ამიტომ გეტყვით, რომ 2022-ში და 2023-შიც საქართველო ისეთივე ღატაკი იქნება, როგორიც დღეს არის. გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს? გვინდა, სიღარიბე შემცირდეს?! მაშინ უნდა გვინდოდეს, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს! აი, ეს არის გამოსავალი.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა