კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი რევაზ არველაძე ქვეყანაში საგანაგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს. რა პროცესს მივიღებთ წინასაარჩევნოდ?
– რატომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა გაზაფხულზე და რატომ არ ცხადდება ის ახლა, როდესაც რიცხვები გაორმაგებულია? ამ კითხვას პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა. როგორც ჩანს, სიტუაციის კონტროლი და დაჭერა უკვე შეუძლებელია. მისაღებია, არ არის მისაღები – ეს სხვა თემაა. ფაქტია, ეპიდემიოლოგებს არგუმენტი აქვთ.
რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს: საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება. შესაბამისად, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად არჩევნების გადადებას გამოიწვევს.
თუმცა, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით მართლაც ითამაშოს ხელისუფლებამ და ამ რისკზე წავიდეს.
– რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს?
– დიახ! არჩევნები გადადოს, რაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება არ იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენების კუთხით, არამედ თვითონ მიიღებენ უფრო მეტ ზიანს. ამდენად, არა მგონია, ეს გონივრული გადაწყვეტილება იყოს, მით უმეტეს, ხანგრძლივად საგანგებო მდგომარეობას ვერც გამოაცხადებენ და ვერც გადაავადებენ ამ არჩევნებს, მით უფრო, ისეთი პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა, პრაქტიკულად, ეკონომიკის დახურვა მათ სოციალური ამბოხის წინაშე დააყენებს და სახელმწიფოს შეურყევს ძირს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა