4 ოქტომბერს, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის (დედაქალაქ ბაქოს შემდეგ) – განჯას აეროპორტსა და საცხოვრებელ უბნებს.
განჯას აეროპორტზე, რომელსაც აზერბაიჯანი სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებს, სომხური მხარე მას შემდეგ ილესავდა კბილებს, რაც სუ-25 ტიპის მოიერიშე ჩამოუგდეს და პილოტი მოუკლეს – ოფიციალური ერევანი დარწმუნებულია, რომ სწორედ განჯის აეროდრომიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა ფ-16-მა “ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი რაკეტით, 60 კმ-ის სიშორიდან ჩამოაგდო მათი მოიერიშე.
პირველი ინფორმაცია განჯას აეროპორტის დაბომბვაზე გაავრცელა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა, რაც იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღის ლიდერებს თავის თავზე სურთ აიღონ ეს ქმედება და სომხეთს აზერბაიჯანის საპასუხო დარტყმები თავიდან ააცილონ.
თუმცა გასაგებია, რომ სომხეთის არმიის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან პირდაპირი ხაზით 50 კმ-ში მდებარე განჯის აეროპორტს მხოლოდ “სმერჩის” ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა თუ “ტოჩკა-უ” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემების რაკეტები მიწვდებოდა, რომლებიც მხოლოდ ერევნის განკარგულებაშია.
სომხეთის მიერ დაბომბილი აზერბაიჯანული ქალაქის აეროპორტი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან მხოლოდ 38 კმ-შია!
კვირის პალიტრა

