“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, “დესტრუქციული ოპოზიციური ძალები” წინასწარ შემუშავებული სცენარით პროვოკაციებს აწყობენ, თუმცა სახელმწიფო უწყებები ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებენ.
მან საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა, დაგმონ ოპოზიციის მცდელობები ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე.
“ოპოზიციურმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები იმისა, რომ ჩართონ ის სცენარი, რომელიც აქვთ გამზადებული, მაგრამ ამ სცენარს აღსრულება არ უწერია.
კერძოდ, ვხედავთ, ფეიკტელევიზიებით, ვითომ ტელევიზიებით და ჟურნალიზმით, ფეიკპარტიები და ფეიკკვლევები – ეს ის ხალხია, ვინც ის დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს 2008 წლის აგვისტოს ომის სახით, იზეიმეს; ეს ის ხალხია ვინც საკუთრ მარცხს გამარჯვებად ასაღებს და დღეს საღამოსაც აქვთ ასეთი უბადრუკი მცდელობა, რომ თავიანთივე ამომრჩეველში ჩართონ ის ე.წ. მუხტი და ჩართონ სცენარი, რომლის ჩართვის პროცესში სირთულეებს აწყდებიან.
ასევე, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი მომხრეების ძალიან დიდი ოდენობა მივიდა საარჩევნო უბნებთან და მინდა შევუერთდე იმ მადლობების სერიას, რომელიც სხვა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს და მადლობა ვუთხრა “ქართული ოცნების” ყველა მხარდამჭერს იმ არჩევანისთვის, რაც მან გააკეთა.
ყველა უბანზე ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, რამდენიმე წუთი დარჩა საარჩევნო უბნების დაკეტვამდე და ამის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ იმას, რომ ერთმანეთს მივულოცოთ სტაბილური საქართველო, მშვიდობა და “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამას უზრუნველყოფს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
რუსთავი 2

