ბათუმში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. ჯერჯერობით უცნობია, პოლიციას ჰყავს თუ არა სავარაუდო დამნაშავე. შს სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში 49 წლის ქალის ცხედარი მეგობარმა აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, მეგობარი მას ტელეფონზე დიდხანს ვერ უკავშირდებოდა და ამიტომ ბინაში მიაკითხა. იქ მისულს კი უმძიმესი სურათი დახვდა. აბაზანაში შიშველ მდგომარეობაში მყოფი, დასახიჩრებული ქალი იპოვა, მას სხეულზე ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სასწრაფოდ მომხდარი ძალოვნებს აცნობა და საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ.
როგორც ჩანს, მკვლელობა ორი დღის წინაა ჩადენილი, რადგან მოკლული მეგობრებმა სწორედ ცხედრის აღმოჩენამდე ორი დღით ადრე ნახეს. სავარაუდოდ მკვლელმა ის ცივი იარაღით მოკლა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადასვენე. წინასწარი ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის არეში.
მოკლული ქალი ბელარუსიიდან იყო საქართველოში ჩამოსული და ორი წელია, რაც ბათუმში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული მეზობლებთან არ კონტაქტობდა, ის სახლში გვიან ბრუნდებოდა და ამიტომ მას პირადად არ იცნობდნენ. თუმცა ამბობენ რომ სხვა დროს იმ ბინიდან ჩხუბის და ხმაურის ხმა არ გაუგიათ. არც მკვლელობის დღეს გაუგიათ რაიმე. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერებიც ამოიღეს, თუმცა არის თუ არა იქ რაიმე ხელჩასაჭიდი, ან შემთხვევის ადგილზე იპოვეს თუ არა რაიმე სამხილი, ეს ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამბები