ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე საუბრობს.
_ ოპოზიციაში სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე მწვავე დებატები ვნახეთ. რეალურად ოპოზიცია ერთიანია?
_ ერთიანობაზე ლაპარაკი სწორი საერთოდ არ მგონია. რატომ უნდა იყოს ოპოზიცია ერთიანი?!
_ თვითონ საუბრობენ ამაზე.
_ კი ბატონო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ხშირ შემთხვევაში მსოფლმხედველობრივადაც განსხვავდებიან. ჩვენ აქ ოპოზიციის ერთიანობაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ მრავალფეროვანი ოპოზიციის თემატურ თანამშრომლობაზე ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
_ რომელი მხარეა მართალი – მიშას მხარე თუ დანარჩენები?
_ რაში მაინტერესებს? ერთი თავისი ელექტორატისთვის არის მართალი, მეორე _ თავისი ელექტორატისთვის.
_ მიშას ჩამოსვლის საკითხი პროცესს შეუშლის ხელს თუ პირიქით, ეფექტის მომტანი იქნება?
_ უკაცრავად, რას შეუშლის ხელს?
_ ოპოზიციის აქციებს.
_ აქციები მხოლოდ ინსტრუმენტია. თვითმიზანი ხომ არ არის?! ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია და არა _ ერთადერთი. ვინც თვლის, რომ შეუშლის, ის ნაციონალურ მოძრაობას არ მისცემს ხმას და ვინც მიიჩნევს, რომ არ შეუშლის, ის მისცემს.
_ მაშინ, რატომ წამოწიეს ეს თემა?
_ არ ვიცი. ეს არის ხელისუფლების შეგდებული თემა, რომ ოპოზიცია ამაზე ალაპარაკონ. ესენიც თაგუნიებივით ამ ხაფანგში მერამდენედ აღმოჩნდნენ?! მრავალფეროვან ოპოზიციაში ვიღაცა თვლის, რომ მიშა საზიანოა, ვიღაცა თვლის, რომ კარგია. მაგრამ ეს ხომ მათი თანამშრომლობის თემა არაა?! მათი თანამშრომლობის თემა რიგგარეშე არჩევნებია. ამ ძირითად მოთხოვნასთან რა კავშირი აქვს იმას, ვის მოსწონს და ვის არა მიშა?! ეს მე არ მესმის.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა