„ირაკლი ღარიბაშვილი ისევ პრემიერი გახდება“

„ირაკლი ღარიბაშვილი ისევ პრემიერი გახდება“ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” მოსალოდნელ სამთავრო ცვლილებებზე საუბრობს.

– ვინ შეიძლება იყოს გახარიას შემდეგი პრემიერი? თეა წულუკიანზეც იყო საუბარი…

– მე არ ვფიქრობ, რომ წულუკიანი იქნება შემდეგი პრემიერი. თეა წულუკიანი იყო გახარიას გუნდის წევრი. ის სწორედ გახარიამ დანიშნა ვიცე-პრემიერად. ამიტომ თუ მიდის გახარია, მიდის თეა წულუკიანიც!

თეა წულუკიანს ვიხილავთ პარლამენტში და ის შესანიშნავი სპიკერი იქნება პარლამენტისთვის. კობახიძე აპირებს სასამართლოს კუთხით გააგრძელოს თავის კარიერული საქმიანობა. მდინარაძეს პარლამენტში დატოვებენ, ხოლო იუსტიციის მინისტრად თალაკვაძეს გაუშვებენ.

– ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, არსად მივდივარო. მას არ გაუშვებს ივანიშვილი?

– გაუშვებენ. დღეს ქვეყანა არის იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მთავრობა უნდა მივიღოთ. ახალი პარლამენტი გვყავს და ველოდებით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ვერ ვიხილავთ ქალბატონ ტიკარაძეს.

ტიკარაძის გარდა, ეკონომიკური გუნდის მინისტრებიც წავლენ. წავა თურნავა, ასევე მაჭავარიანი.

– ძალოვანი მინისტრები?

– ძალოვანები დიდი ალბათობით არ შეიცვლებიან, პირიქით, დაწინაურდებიან. ეს ცალკე ფრთაა, ეს გახარიას დაქვემდებარებაში არ ყოფილა. არ ემორჩილებოდნენ გახარიას. მათ პირდაპირ ივანიშვილთან აქვთ კომუნიკაცია.

– მეორედ მოსვლები სჩვევია ივანიშვილს და ღარიბაშვილს ხომ არ დააბრუნებს პრემიერ-მინისტრად? 

– ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ კვლავ პრემიერად. ღარიბაშვილი არის მინისტრი, რომელიც მუშაობს მხოლოდ პოზიტივზე. თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მას სკანდალები და რაიმე გარღვევები არ ჰქონია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მას პრემიერ-მინისტრად ვიხილავთ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა