“ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დიალოგი იმ მოთხოვნის მიხედვით წარმართოს, რასაც ოპოზიცია აყენებს.
„გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე – “ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს.
არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე “ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს.
როგორც ჩანს, ოპოზიციის ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.
მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.

