ხათუნა ლაგაზიძე – „ირაკლი კობახიძემ „ოცნებას“ ცელი გამოუსვა“

ხათუნა ლაგაზიძე - „ირაკლი კობახიძემ „ოცნებას“ ცელი გამოუსვა“ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნებას” ცელი გამოუსვა.

_ გამოაგდეს ფარული ჩანაწერები და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისევ გვისმენენ. ეს რას ნიშნავს?

_ როცა მოქმედ დეპუტატს უსმენენ, ეს თავისთავად დანაშაულია და მეორე მხრივ დანაშაულია ისიც, როდესაც დაუსჯელობის განცდა აქვს ტელეკომპანიას, როდესაც კანონის დარღვევით მოპოვებულ მასალას უშვებს ეთერში. ანუ კანონთან ორმხრივი შეუსაბამობა ვნახეთ.

არჩევნების წინ „ოცნების“ ყველაზე ოდიოზურმა ფიგურამ ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ შესაძლებელი იყო ხმის და გამოსახულების გაყალბებით დამონტაჟებული მასალების გამოყრა მედიასივრცეში. ამით თავად შექმნა ბაზისი იმისათვის, რომ ჩვენ არ ვენდოთ არცერთ მასალას, რომელიც კანონდარღვევით არის მოპოვებული. ასე, რომ თავის დროზე თავად კობახიძემ გამოუსვა ცელი „ოცნებას“ და თქვა, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ყალბდება როგორც გამოსახულება, ისე ხმა: სხვადასხვა დროსა და სივრცეში ნალაპარაკები შესაძლოა ისე აიკინძოს და ისე დაისვას სახის გამომეტყველებასა და ტუჩების მოძრაობასთან, რომ ძნელი გასარჩევი იყოს, რეალობასთან გვაქვს საქმე თუ ტყუილთან. კობახიძემ თქვა, ასეთ მასალებს არ ენდოთო და ჰოდა, არც ვენდობით.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა