მეზვრიშვილის შემდეგ გახარიაც გადადგება?

მეზვრიშვილის შემდეგ გახარიაც გადადგება?ნათია მეზვრიშვილმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა რა გახდა მიზეზი, არ განუმარტავს.

ნათია მეზვრიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროკურატურიდან მოვიდა. 2007 წლიდან ის თანმიმდევრულად მაღალ თანამდებობებს იკავებდა ზურა ადეიშვილის უწყებაში. 2012 წლიდან კი ხელისუფლების მთავარი სპიკერი იყო პარლამენტში, როცა პროკურატურას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სჭირდებოდა.

2017 წლიდან ის შს მინისტრის მოადგილეა. პრემიერმინისტრად დაწინაურებულმა გიორგი გახარიამ კი ის ადმინისტრაციის უფროსად გადაიყვანა. ბოლო განცხადება ამ თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილმა მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

ნათია მეზვრიშვილის წასვლას გახარიას გავლენების შესუსტებას უკავშირებენ ანალიტიკოსები. გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიამ უახლოეს მომავალში თანამდებობა თავადაც დატოვოს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, პრემიერი გადადგომას რამდენიმე თვის წინ გეგმავდა, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი მწვავე ეკონომიკური კრიზისის გამო, მას ამის უფლება არ მისცეს.

ქართული ოცნებიდან სხვადასხვა დროს წასული დეპუტატები, ვინც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ოლიგარქი ახლა გახარიაზე უფრო მეტად მორჩილ პრემიერს ეძებს.

ერთ ერთი ვერსიით, ნათია მეზვრიშვილს პრემიერი იუსტიციის მინისტრობისთვის ამზადებდა, თუმცა მისმა რჩეულმა კანდიდატმა მხარდაჭერა ვერ მიიღო და წასვლაც სწორედ ამას უკავშირდება.

ნათია მეზვრიშვილის წასვლასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ პარტიის ლიდერი გიორგი ვოლსკი გააღიზიანა.

სად და რატომ წავიდა ნათია მეზვრიშვილი ან ვინ იქნება მისი შემცვლელი, ამ თემაზე არც პრემიერ მინისტრს და არც მთავრობის ადმინისტრაციას განცხადება დღეს არ გაუკეთებია.

მთავარი