“ნიკა მელია გუბაზას რო წამოენთო დღეს, ზუსტად ეგრე აიჭრა, მისი მოტვლეპილი თავი დერეფნის ბოლოსღა დავინახე…”

"ნიკა მელია გუბაზას რო წამოენთო დღეს, ზუსტად ეგრე აიჭრა, მისი მოტვლეპილი თავი დერეფნის ბოლოსღა დავინახე..."კატერინა ალპამ ფეისბუქში დაწერა:

“ვინ არის ნიკა მელია?
2008 წელს ინგლისიდან დავბრუნდი საქართველოში და სახლი , რომელშიც რამდენიმე ათასი დოლარი გადავიხადე , თაღლითების მიერ დამხვდა გაყიდული . ერთადერთი რისი დაბრუნებაც შემეძლო, იყო საცოდავი 50 ლარი, რომელიც სააღსრულებო ბიუროში უნდა მომეთხოვა.
ბიუროში მივედი შუადღის 2 საათზე , ბავშვებთან ერთად: გიგი იყო 8 წლის, აკაკი-7, ნიკა-2.
ნიკა გაერთხო იატაკზე და ლოკა ყველაფერი, რასაც ენით და ხელით მიწვდა. უფროსებმა სკოლის ჩანთები ამოიდეს თავქვეშ და იატაკზე მიწვნენ. ვერსად ვერაფერი გავარკვიე, ვირბინე ყველა სართულზე და ბოლოს დამლაგებელმა მირჩია ბუღალტერი ნახეო.
ბუღალტერი იყო სრულიად ისტერიული შუახნის კაცი, რომელმაც უარი მითხრა ფულის დაბრუნებაზე, გასული წლის ბალანსი დახურული მაქვს და აქამდე სად იყავიო. ააა ინგლისიდან ეხლა დაბრუნდი და 50 ლარზე მოხვედიო? მოკლედ დაახვიეო.
წავედი სააღსრულებოს უფროსთან, დავით ერისთავი იყო თუ სწორად მახსოვს. არ მცალია გენაცვალეო და ცხვირწინ მიმიჯახუნა კარი. ბოლოს ავიტუზე კართან, რომელსაც მოადგილე ნიკანორ მელია ეწერა. მეთქი შენ მაინც გიტირებ ყოფას. აი შანსი არაა, ასე წავიდე, არ მოგცემთ ჩემი დაცინვის უფლებას. ამასობაში ჩემმა ბავშვებმა იღმუვლეს, იტირეს, იხოხეს და მაინც არავინაა ჩვენი პატრონი.
ცოტა ხანში გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი, მომესალმა და შევიდა ნიკანორ მელიას კაბინეტში. უკაცრავად, სად მიბრძანდებით, მეც მას ველოდებიმეთქი და შევაჭერი. მოკლედ თავად აღმოჩნდა ნიკანორი. მომისმინა და აქამდე სად იყავიო. ვუპასუხე სადაც ვიყავი. ინგლისში ვსწავლობდი მეც და ნეტა იცოდე, როგორ მომენატრა იქაურობაო. ეს ადგილი თუ ნახეო, იქ თუ იყავიო, ეს თუ გასინჯეო? ვახ მეთქი, ვინ არის ესა? ჩხუბის დაწყება მინდა და შანს არ მაძლევს, სრულიად პოზიტიური ტიპი ზის ჩემს წინ. ჩემი სახელით მიდი ბუღალტერთანო ბოლოს მეუბნება, უარს არ გეტყვისო. მივედი და იმ ქაჯმა, ისეთები დამაწია, გარეთ სეირის მაყურებელი ხალხი მოგროვდა: უფროსთან როგორ დამაბეზღე, სამსახურს მაკარგვინებო? ფეხებზე მკიდიხართ შენც და შენი ბავშვებიც, ჩათვალე რომ ეგ ფული დაკარგული გაქვსო.
არ მახსოვს როგორ შევვარდი მელიას კაბინეტში: როგორ ბედავთ რომ ასე მაპამპულავებთ შენ და შენი ბუღალტერიმეთქი. გუბაზას რო წამოენთო დღეს, ზუსტად ეგრე აიჭრა, გამოგლიჯა კარი და ისეთი სისწრაფით გაიქცა, მისი მოტვლეპილი თავი დერეფნის ბოლოსღა დავინახე. სრულიად სააღსრულებო ბიურო დადგა ფეხზე, ღრიალებდა მელია და კნაოდა ბუღალტერი.
მელია: დღეს და ღამეს ვასწორებთ რომ მოქალაქეებს კარგი სერვისი შევთავაზოთ, ქალი სამი ბავშვით გიცდის და როგორ ბედავ ასე მოქცევას და ამ ტონით საუბარსო.
ბუღალტერი: არ ვიცოდი, ბატონო ნიკა. ეთქვა მაინც.
იქ ხო ყველაფერი დაანგრია და გარეთ გამოვიდა ყურებამდე გაღიმებული: 1 საათიც მოითმინეთ, საბუთები არქივშია მოსაძებნი და ფულს დღესვე დაგიბრუნებთო, მეუბნება.
მერე დაუძახა თანამშრომელ გოგოებს და ნაწილს უფროსი ბავშვები ჩააბარა: ბიჭები დაღლილები არიან და კომპიუტერებთან ათამაშეთო, ნაწილი კი ხაჭაპურებზე გაგზავნა: ბავშვებს აჭამეთ, სანამ საბუთებს ეძებენო.
ერთი საათი სრულ სიზმარში და ნირვანაში გავატარე: ღმერთო, რა ქვეყანა აუშენებიათ ჩემს აქ არყოფნაში. ბავშვებს ართობენ, აჭმევენ რომ გადაღლილმა დედამ დაისვენოს. უფროსის მოადგილე პირადად ზრუნავს მოქალაქეების ბავშვებზე , ვახ, სიზმარი, ბოდვა, სასწაული.
ერთმა ადამიანმა, ვინმე ნიკანორ მელიამ 10 წუთში შეცვალა ის აუტანელი რეალობა, რომლის გადაბუგვას, აფეთქებას და ჯოჯოხეთში გასტუმრებასაც ვნატრობდი.
ზუსტად 30 წუთში დამიბრუნეს ფული და ნაჭამ-ნასვამი ბავშვები.
-აუ დე, კიდე მოგვიყანე რა თაკოსთან და ნათიასთან სათამაშოდ, მეხვეწება აკაკი.
ნიკანორ -ნიკა მელიამ კარებამდე გამოგვაცილა. მე ბავშვების ტყვიასავით მძიმე სკოლის ჩანთები მეჭირა , კოკა-კოლით და შოკოლადებით გაწეპილი ჩემი ნიკა კი მელიამ აიყვანა ხელში.
არასოდეს არ ვიღლები ამ ამბის მოყოლით და რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა იყოს ნიკა- ნიკანორი, სოცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი. ზუსტად ვიცი, რომ მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.”