“მთავარი არხი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და დღეს, 9 ნოემბერს, აქციაზე დაკავებული ჟურნალისტის, ნოდარ რუხაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
“ტელეკომპანია “მთავარი არხი” გმობს ქვეყანაში მიმდინარე უმძიმეს ძალადობრივ ქმედებებს, რომელსაც ბოლო ორი დღეა საქართველოს ხელისუფლება იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მანიფესტანტების წინააღმდეგ. ვწუხვართ და თანავუგრძნობთ ყველა დაკავებულსა და დაშავებულს, თუმცა, ყურადღებას შევაჩერებთ, დღეს, 21 საათსა და 30 წუთზე, ჩვენი არხის გამორჩეული ახალგაზრდა ჟურნალისტის, ნოდარ რუხაძის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიულ აქტზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ იგი დღეს მოქმედებდა არა ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში, არამედ როგორც საზოგადოებრივი აქტივისტი (და ამ სფეროში მისი მოღვაწეობა კიდევ უფრო აღსანიშნავია) და მოქმედებდა, ჩვენი რწმენით, კონსტიტუციის სრული შესაბამისაობით, სიტყვისა და გამოხატვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებით და როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი და გამორჩეული მოქალაქე.
ამ წუთისთვის ჩვენ უკვე სრულად ვფლობთ ინფორმაციას მისი დაკავების დეტალების თაობაზე და ვაცხადებთ:
ნოდარ რუხაძე არის უკანონო რეპრესიული აქტის მსხვერპლი, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელდა მიზანმიმართულად, ერთის მხრივ, როგორც საპროტესტო მოძრაობის გამოკვეთილი ლიდერის, ხოლო, მეორეს მხრივ, ყველაზე კრიტიკული ტელევიზიის გამორჩეული ტელე-სახის მიმართ.
ნოდარ რუხაძის დაკავება არის სრულიად უკანონო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას და მისი დარღვეული უფლებების სრულად აღდგენას”, – წერს გვარამია.
მთავარი

