ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა, მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. თავად გრიგოლ ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციის გზავნილი კონსტრუქციულობაა, მმართველი გუნდიც სწორედ ამაზე საუბრობს.
„ოპოზიციაში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. ჯერ ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს. მითხრეს, რომ ნიკა გვარამიას ციტირებამ დაასწრო გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. ანუ, ჯერ გვარამიამ გააკეთა განცხადება და შემდეგ გამოქვეყნდა ვაშაძის განცხადება. რა ხდება არ ვიცი, ალბათ, ერთმანეთში გაერკვევიან. თუ მათი გზავნილი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ვფიქრობ, კონსტრუქციულობაზე პრობლემები არავის არ უნდა ჰქონდეს. თუ ვერ არკვევენ იმას, რადიკალურ პოზიციას გაჰყვნენ, თუ დესტრუქციულ გზას მიმართონ, სჯობს, ჯერ ჩამოყალიბდნენ და ჩვენი რეაქცია იქნება. ზოგადად, კონსტრუქციულობას არავინ ეწინააღმდეგება, რადგან ეს პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიციაც არის.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა და პარლამენტში შემოვა თუ არა, შეიძლება ამის ბევრი დადებითიც ვიპოვოთ და ბევრი უარყოფითიც. „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია იმით, როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას. მათგან საგნობრივი კამათი არ გვინახავს, მხოლოდ რადიკალური ზომებია პარლამენტში მიღებული. ყოველთვის არეულობის სცენარს გვთავაზობენ. დადებითია, რომ ცუდად არ გამოვჩნდეთ დასავლელ პარტნიორებთან დემოკრატიის მიმართულებით. პარლამენტში რაც უფრო მეტი პარტია იქნება, უკეთესია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მოვლენების რადიკალიზაციის მცდელობისთანავე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყველას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდნენ.
მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა ფრთა ამ მოწოდებას არ ითვალისწინებდა. თუმცა, მდინარაძე ამბობს, რომ დღეს შედარებით განსხვავებული პოზიცია იხილეს.
„პირველივე დღიდან, როცა ოპოზიციამ სცადა მოვლენების რადიკალიზაცია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ყველას და ჩვენც, რომ კონსტრუქციული დიალოგი იყოს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ და სამართლებრივ რეჟიმში გადავიდნენ. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა ფრთა ამ მოწოდებას არ ითვალისწინებდა. დღეს შედარებით განსხვავებული პოზიცია ვნახეთ. გაერკვიონ ერთმანეთში, რა უნდათ, ირჩევენ რადიკალიზაციის გზას, თუ დიალოგს.
პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებში სპეკულაციისა და ინტერპრეტაციისთვის სივრცე არ არის და ოპოზიური პარტიები მათ განცხადებებს ისე ვერ ფუთავენ, როგორც აწყობთ. თავიანთი რადიკალური ქმედებებით ყველაფერს ემიჯნებიან. ვნახეთ, რომ წინა დღეების განმავლობაში მათი პოზიციები არ გამომდინარეობდა რეალობიდან. მაგალითად, პოზიციები შეცვალეს, როგორც კი დაიწყო საარჩევნო უბნების გადათვლა. ხმების გადათვლის მოთხოვნას ყველაზე რადიკალურად აყენებდნენ. როგორც კი ხმების გადათვლა დაიწყო, პოზიცია შეცვალეს და მათი მესიჯები ზოგადი გახდა. 39 საარჩევნო უბანი გადათვლილია და არათუ გაყალბების ნიშნები, არამედ სერიოზული დარღვევაც კი არ აღმოჩნდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით კი მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.

