თითქმის ერთი თვე გავიდა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმიდან, თუმცა შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული 32 წლის ბადრი ესებუას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.
პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარაც ჰქონდა, 21 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 კაცი მძევლად აიყვანა. მათი ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500.000 დოლარსა და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, ბანკის შენობა 3 მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ.
“კვირის პალიტრა” ესებუას იმ მეგობარს ესაუბრა, ვისთან ერთადაც ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
თემური, 33 წლის: – ბადრი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სწრაფი, მოქნილი. მგონი, ყველაზე სწრაფად ის შლიდა და აწყობდა იარაღს. რაც მთავარია, გაბედული იყო. წვრთნების დროს 40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა. თეორიაშიც ძალიან ძლიერი იყო, ნიჭიერია, გონიერი.
არ მჯერა, რომ ეს მარტომ გააკეთა, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი, იქნებ ორიც.
– ითქვა, თამაშობდაო.
– დიახ, დღეს ყოველი მეორე თამაშობს… ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბანკიდან მოუწია ვალის აღებამ, შემდეგ პროცენტები ვერ გადაიხადა… ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა და ზუგდიდის ექიმებმა ქუთაისში გაწერეს, იქიდან კი თბილისში გაუშვეს. ოჯახი პატრონობდა, თუმცა შეიძლება თავის ფინანსურ პრობლემებზე ყველაფერს არც ამხელდა.
– მუშაობდა?
– ბანკის უკან, მშენებლობაზე მუშად, მამას საამქროშიც ეხმარებოდა. არ მჯერა, რომ სადმე წავიდოდა, დიდი ალბათობით, აქ არის და გამოსავალს ეძებს.
კვირის პალიტრა