ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თედო გობეჯიშვილმა სიცოცხლის ბოლოსწინა დღე მისი მეგობრის, აკაკი კობალაძის სახლში, სუფრასთან გაატარა. ამას ადასტურებს ადვოკატის მიერ გამოკითხული თედორე გობეჯიშვილის მეუღლე. ჩვენება “მთავარმა” მოიპოვა:
“გვიან სახლში არ დაბრუნდა, ამის გამო ვურეკავდი. რამდენიმე ზარზე არ მიპასუხა, მიპასუხა დაახლოებით ღამის 4-5 საათისთვის 7 ნოემბერს. მითხრა, რომ იყო აკაკი კობალაძის ოჯახში მის მეუღლე სოფოსთან ერთად და მალე მოვიდოდა. ტელეფონზე საუბრისას არანაირი აღელვება არ შემიმჩნევია, პირიქით, იყო კარგ განწყობაზე. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 9 საათისთვის, მე ფაქტიურად ძილში ვიგრძენი, რომ სახლში შემოვიდა. მე ამ ადამიანებს ვიცნობ ჩემი მეუღლის უახლოეს მეგობრებად და მსგავსი დანაშაულის ჩადენას მათ მიერ ვერც წარმოვიდგენ” – ნათქვამია მარიამ ნათაძის ჩვენებაში.
მარიამ ნათაძე საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუკითხავთ.
სამაგიეროდ საგამოძიებო უწყებამ დააკავა და ბავშვობის მეგობარზე ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
ორივე დაკავებული თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადებებისთვის დასაჯა, როდესაც კობალაძემ და ხუსკივაძემ სისტემა ამხილეს და არჩევნების გაყალბების სქემებზე ისაუბრეს.
თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები, ისნის საოლქო კომისიის წევრები ოპოზიციიდან, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50.000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდეგ კი, რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.
მთავარი

