ცესკოში თამარ ჟვანიამ და ხათუნა გოგორიშვილმა იჩხუბეს

ცესკოში თამარ ჟვანიამ და ხათუნა გოგორიშვილმა იჩხუბესცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ, ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას მიმართა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებს.

საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია.

“ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი, თუ არ დაწყნარდებით სხდომის დატოვება მოგიწევთ. უკვე რამდენჯერმე მოგეცით გაფრთხილება”,- ასე მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

მან კენჭისყრაზე ხათუნა გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა “ევროპული საქართველოს” მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.

დღევანდელ სხდომას ესწრებიან: ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი.

იპნ