„ვაშაძე, ელისაშვილი და გირჩი პარლამენტში აუცილებლად შევლენ“ – ლადო სადღობელაშვილი

„ვაშაძე, ელისაშვილი და გირჩი პარლამენტში აუცილებლად შევლენ“ - ლადო სადღობელაშვილიექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შესაძლებობაზე საუბრობს.

– ლადო, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არ შევლენ პარლამენტში…

– ამათი შეთანხმებების არ მჯერა. ესენი შიგნით პარტიაში ვერ შეთანხმებულან და როგორ გგონიათ, რამდენიმე პარტია შეთანხმდება?! ჩვენ მივიღებთ დაახლოებით ისეთივე პარლამენტს, როგორიც 2008 წელს მივიღეთ. გიორგი თარგამაძე რომ ვიხილეთ ნაცმოძრაობის სატელიტად, ქდმ-ს სახით. მაშინაც გამოჩნდნენ სხვადასხვა პარტიებიდან პოლიტიკოსები, რომლებიც შევიდნენ მიშას პარლამენტში.

– ანუ შევა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში?

– გამორიცხულია, რომ ამ 50 კაცში 10 მაინც არ ამოხტეს ისეთი, ვინც პარლამენტში შესვლას დათანხმდება. რაც ჩვენ ვიხილეთ გუბაზის ვარიანტში, ეს ხომ პირდაპირ იმის ლუსტრაცია იყო, რომ ეს ადამიანი არ აპირებდა ხელის მოწერას. ანუ მას სურვილი ჰქონდა პარლამენტში შესვლის. ასეთი რამდენია?! ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს, ვინც ამ რევოლუციურ სცენარს ჩაიბარებს.

– რამდენად გამოვა დღეს რევოლუციური სცენარი?

– ოპოზიციას გაუჩნდება სურვილი, რომ პაშინიანის სცენარი გაათამაშონ. თუმცა “ოცნებას” სულ სხვა სცენარი აქვს, ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, 2008 წლის მსგავსი.

– საით გადაწონის?

– ისეთი ადამიანები, როგორებიცაა გიორგი ვაშაძე, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილი აკონტროლებს, იგივე ელისაშვილი, თუნდაც გირჩი შევლენ პარლამენტში. დღეს ეს ხალხი თამაშობს, ვაჭრობს, ყველაფერი ბოლოს მაინც ფულზე და თანამდებობებზე გადის. ელისაშვილისთვის და იოსელიანისთვის პარლამენტში მოხვედრა არის ახდენილი ოცნება და თქვენ როგორ გგონიათ, ესენი არ შევლენ პარლამენტში?! მე დარწმუნებული ვარ, რომ შევლენ!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა