დავით გარეჯის საქმეზე დღეს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუასშვილს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხავენ.
როგორც ცნობილია, ბეჟუაშვილი უწყებაში 13:00საათზეა დაბარებული.
საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობის საქმეზე გამოძიება ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ წარდგენილი მოცულობითი მასალების საფუძველზე დაიწყო. რუკებთან ერთად, ბიზნესმენის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალები სხვადასხვა სახის დოკუმენტებსაც მოიცავს. მათ შორის არის 2007 წლის 30 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ინტერვიუ, რომელიც მან აზერბაიჯანულ გამოცემას მისცა. შეკითხვაზე, რამდენად მართებულად მიიჩნევს ბეჟუაშვილი, რომ საქართველომ მოითხოვოს თავისი წმინდა ადგილები, რომელიც მაგალითად, საქართველოს ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ყოფილი მინისტრის პასუხი ასეთია:
„ეს საკითხის არასწორი ხედვაა. არ არის საჭირო არავისთვის არაფრის გადაცემა. მონასტრის ძირითადი ნაწილი გორაკის ქართულ ნაწილზეა. არავინ დავობს იმაზე, რომ მონასტრის დარჩენილი კელიები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ დავა არ არის. საუბარი მიდის ინტერესების გათვალისწინებაზე. ქართული მხარისთვის – ესაა ამ კელიებზე წვდომის მიღება. აზერბაიჯანული მხარისთვის-ესაა განსაზღვრულ სიმაღლეებზე კონტროლის შენარჩუნება. ჩვენ გაგებით ვეკიდებით აზერბაიჯანის ინტერესებს“,- აღნიშნავს ბეჟუაშვილი საქმის მასალებში არსებულ ინტერვიუში.
იქიდან გამომდინარე, რომ დავით გარეჯის მიმდებარე და საზღვრის სხვა მონაკვეთებზე სადავო სადემარკაციო კომისიის 2006-2007 წლებში მიღებული შეთანხმებაა, სავარაუდოდ ამ პერიოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ ბეჟუაშვილს. გელა ბეჟუაშვილი ქვეყნის საგარეო უწყებას სწორედ ამ წლებში ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.