„ახალი თაობა“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას ესაუბრა.
– საქართველოს, ფაქტობრივად, ძველი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს.
– ეს სამარცხვინოა. სასაცილოა, რომ გამოგვიცხადეს კენჭისყრის შედეგი და გვითხრეს, მთავრობას ერთსულოვნად (85 მომხრე) დაუჭირეს მხარიო. აბა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდნენ! ადგნენ და ჩრდილოკორეულად დაამტკიცეს მთავრობა ძველი სახეებით.
– მთავრობის საქმიანობის რომელ მიმართულებას შეაფასებდით დადებითად?
– მინდა, კარგი მიმართულება ვიპოვო, მაგრამ ვერ ვპოულობ. ყველამ ვნახეთ, რა დონეზე არიან შეიარაღებული აზერბაიჯანი და სომხეთი. მათ აქვთ ყველაფერი, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატები. ეს არის ქვეყნის, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის სირცხვილი.
– ირაკლი ღარიბაშვილს საზოგადოებაში მომხრეებიც ჰყავს. მათ შორის არიან სააკაშვილის დროინდელი პოლიტპატიმრები. თქვენც სინდისის პატიმარი იყავით.
– სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე არ გაამართლა. მე მას ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაცია დაიწყო მისი პრემიერობის დროს. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მაშინ პარლამენტმა მიიღო, ფორმალურად ღარიბაშვილის ინიცირებულია. ამ კანონმა საქართველოში მისცა დასაბამი ლგბტ-დიქტატურას. ახლა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრია, თავდაცვის სფერო კი უმძიმეს მდგომარეობაშია. სააკაშვილის დროს საქართველომ გააფორმა მოღალატური შეთანხმებები, რომელშიც პირობა დადო, რომ არ შეიძენდა ამა თუ იმ შეიარაღებას. „ოცნებას“ ეს არ გამოუსწორებია.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა