„განწყობა იყო საქმიანი, საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვთ, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებამდე შეთანხმება მიღწეული იქნება.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში.
შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება.
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზები არსებობს, ეს წითელი ხაზები უკავშირდება არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საუფუძველს, დროც არ არის ბევრი დარჩენილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ, ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

