ხატია დეკანოიძე – „პარლამენტში შევალთ, თუ რიგგარეშე არჩევნების გარანტიებს მივიღებთ“

ხატია დეკანოიძე - „პარლამენტში შევალთ, თუ რიგგარეშე არჩევნების გარანტიებს მივიღებთ“ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ახალ თაობასთან” პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს.

_ რას აპირებთ 11 დეკემბერს, როდესაც პარლამენტში შეიკრიბება?

_ ვაწერთ სამ დეკლარაციას ხელს, მათ შორის სიების განულებასთან დაკავშირებით, რათა თეორიულადაც გამოირიცხოს პარლამენტში ვინმეს შესვლა.

_ რა კომპრომისისთვის ხართ მზად?

_ ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. მოლაპარაკებებზე წასვლა ეს უკვე კომპრომისია. გვინდა, რომ შეთანხმება რაღაცნაირად მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. სხვა კომპრომისული სივრცე ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უკან არიან საქართველოს მოქალაქეები და ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.

ოპოზიციამ შევთავაზეთ მათ ჩვენი გეგმა იმის თაობაზე, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსავალს. ეს არის რიგგარეშე არჩევნები. ახლა ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ახლა ხელისუფლების ხელშია ყველაფერი და მასზეა დამოკიდებული, განიმუხტება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი თუ არა.

_ რას დათმობთ თქვენ? მაგალითად, მზად ხართ, რომ პარლამენტში შეხვიდეთ თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დათანხმდება?

_ თუ ეს წინადადება იქნება შემოთავაზებული, მნიშვნელობა ექნება იმას, რა გარანტიებს მიიღებს ოპოზიცია ხელისუფლებისგან. ის, რომ ამ ნათქვამს არ ვენდობით,  ნათელია. იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის მანევრი, ამისთვის გვჭირდება მეტი გარანტიები. ამ გარანტიების ხარისხზეა დამოკიდებული, შევალთ თუ არა პარლამენტში. დაველოდოთ მესამე რაუნდს, რომელმაც ბევრ რამეს ნათელი უნდა მოჰფინოს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა