კობახიძემ მიხედოს იმ 20 მილიონს, რასაც „ქართული ოცნება“ გაყალბებულ არჩევნებში იღებს. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, არის შანტაჟი და უაზრო წინადადება.
„კობახიძის ზღაპრები ჩვენ არ გვეხება, ჩვენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ვიღებთ დაფინანსებას და ეს გრძელდება მომავალი წლის ნოემბრამდე. ეს განცხადება სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ არის შანტაჟი, რომელსაც ხშირად იყენებს. ეს არის უაზრო წინადადება, არ შეიძლება კანონო აუარესებდეს არსებულ მდგომარეობას. კობახიძემ მიხედოს იმ 20 მილიონს, რომელსაც ტყუილად, ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად იღებს ქართული ოცნება“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხები ვერ გახდება მათთვის პარლამენტში შესვლის საფუძველი.
,,ოპოზიციური სპექტრი იმიტომ ვართ შეკრებილი ხელისუფლებასთან ერთად, ვცდილობთ, რომ საარჩევნო გარემოც უკეთესი გახდეს და საარჩევნო სისტემაც. თუ ამას გულისხმობს ელისაშვილი თანამოაზრეობად, ეს კია, მაგრამ უმთავრესი საკითხი ჩვენთვის არის ვადამდელი არჩევნები. სხვა საკითხები ვერ გახდება ჩვენთვის პარლამენტში შესვლის საფუძველი“ – განაცხადა თევდორაძემ.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას წინ დიდი გამოცდა ელის, რადგან იმ ცვლილებებს რომელზეც საუბრობს, საკონსტიტუციო ცვლილებები ჭირდება
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხელისუფლება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე – დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები უარს აცხადებს. ოპოზიცია კი წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტში შესვლას არ თანხმდება.
დღეს კი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.
მან ამ საკითხში თანამოაზრეებად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე დაასახელა. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმ პარტიებისათვის, რომლებიც პარლამენტში არ შევლებ, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტის ინიცირება დაანონსა.

