მამუკა გამყრელიძე, რომლის ქალიშვილი კოვიდ 19ით დაინფიცირდა, “ახალ თაობასთან” პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს:
– უმცროს ქალიშვილს უწევდა სამსახურის გამო გასვლა და მიუხედავად იმისა, რომ წესებს მკაცრად იცავდა, ვირუსი მაინც შეხვდა. წესების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს არ შველის საქმეს და გეტყვით, რატომ.
– რატომ?
– ის რამდენიმე თვე, რომელიც ჩვენ გვაჩუქა კოვიდმა და მიუხედავად იმ უზარმაზარი დაფინანსებისა, რომელიც ჩვენ დასავლეთიდან მივიღეთ, რეალურად არაფერი გაკეთებულა ჯანდაცვის სისტემაში. სისტემა პირველსაც და მეორე ტალღასაც სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
გვქონდა ფული, იყო დრო მოსამზადებლად, მაგრამ მივიღეთ აი, ასეთი ქაოსი, სრული მოუმზადებლობა და, რაც მთავარია, გაფლანგული ფული, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაიხარჯა ძალიან არამიზნობრივად და მივიღეთ თავხედური განცხადებები, როგორც მინისტრის, ასევე სამ მუშკეტერად წოდებული სრულიად უსინდისო ადამიანების.
ადამიანები საავადმყოფოებში ვერ წვებიან, ლაბორატორიის გამოძახება არ შეუძლიათ, სასწრაფოს გამოძახება არ შეუძლიათ.
– კოვიდსასტუმროებზეც ცუდი ხმები დადის…
– სადაც ჩემი ქალიშვილი იყო, იქ კარგი პირობები იყო. შეიძლება ჩვენ გაგვიმართლა. რაც შეეხება კოვიდსასტუმროში მოთავსებას, მე მომივიდა ხმები, რომ იმისათვის, რომ უკეთეს სასტუმროში მოგახვედრონ, ვგულისხმობ უკეთეს პირობებს და ასე შემდეგ, იღებენ 100 ევროს. ასე ვთქვათ, ქრთამს. რა ვთქვა, არ ვიცი, საერთოდ აღარაფერში არ წერია ეს ამბავი.
ის, რომ გაუბედურებულ დღეში არიან ექიმები, საშინელი გრაფიკით მუშაობენ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. სასწრაფოს ექიმები რომ ნახოთ, რა დღეში არიან, გადაღლილები და გაუბედურებულები. ტრაგიკომიკური სიტუაციაა.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა