“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის შიდა არჩევნებში ნიკა მელია ლიდერობს. ამ ეტაპზე მელიას რამდენიმე ათასით მეტი ხმა აქვს, ვიდრე ლევან ვარშალომიძეს.
დღეს საღამოს 9 საათზე გაირკვევა, ვინ გახდება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. “ნაციონალურ მოძრაობაში” ხმის მიცემის ბოლო დღეა.
“ჩვენს მხარდამჭერებს შეუძლიათ ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს და უკვე ფორმალურად არჩევა მოხდება ყრილობის მიერ იმ სარეიტინგო გამოკითხვის შედეგად, რომელიც ტარდება “ფეისბუკის” მეშვეობით. ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ ინოვაციური მიდგომა, ჩვენ პირველად ვატარებთ ასეთი სისტემით თავმჯდომარის არჩევას და ვნახოთ, რა შედეგები იქნება,” – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.
არჩევანი პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის უნდა გააკეთონ. ელექტრონული კენჭისყრა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ.
რუსთავი 2

