„ოპოზიციაში “ქართუს” თანამშრომლები არ არიან, რომ ხელფასების წართმევით შეაშინო“ – დავით ბერძენიშვილი

„ოპოზიციაში "ქართუს" თანამშრომლები არ არიან, რომ ხელფასების წართმევით შეაშინო“ - დავით ბერძენიშვილიბიძინა ივანიშვილი დიქტატურით იმუქრება, მაგრამ ოპოზიციაში „ქართუს“ თანამშრომლები არ არიან, რომ ხელფასების წართმევით შეაშინო. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „2020NEWS-თან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კობახიძის განცხადებით, “საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა” მიმართული, ჯერ კიდევ არაა ფაქტი.

„საკმაოდ ირონიულად ვუყურებ დამფრთხალი ივანიშვილის სპიკერის, კობახიძის განცხადებას, რომლითაც დიქტატურით იმუქრებიან. ეს მუქარა, რომ წაგართმევთ ყველაფერს, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ავკრძალავ, ჯერ კიდევ არ არის ფაქტი, დასავლეთზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ქართული საზოგადოება არ აიტანს არა თუ დიქტატურას, არამედ ავტორიტარიზმს და ეს არაერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, „ოცნების“ ეს მუქარა ოპოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს. „ივანიშვილს მისნაირები გონია ოპოზიციაში. დეპუტატებს ეტყვის, წაგართმევთ ხელფასებს, ვერც პარტიულ დაფინანსებას მიიღებთ და დარჩებით ქუჩაში მშივრები და შეშინდებიან. ასე გასდის მას „ქართუში“, თავის ქვეშევრდომებთან, ასე არ გაუვა ოპოზიციის დიდ ნაწილთან, არავინ შევა მის პარლამენტში“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ის მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების მომხრე არ არის. „მე არ მიყვარს ჩაი, ყავა მირჩევნია, ამიტომ ვინმესთან ჩახტომას და „ჩაის დალევას“ არ ვაპირებთ. მინდა ეს ხელისუფლება გავუშვათ არჩევნებით და ასეც ვიზამთ“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის კანონპროექტი, რომელთაც დაფინანსება შეუჩერდება პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მუშაობას საბოტაჟს უცხადებენ. ამასთან, კანონპროექტში გათვალისწინებულია მექანიზმი, რითაც შესაძლებელი გახდება მთავარი ოპოზიციური პარტიისათვის რეგისტრაციის შეჩერება.