როგორც კი 38 დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მეორე დღესვე „გირჩიც“ გავა პარლამენტიდან. ახლა ოპოზიციის სპექტაკლებში არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ოპოზიციური ერთობის მომხრე არიან, შესაბამისად, ირაკლი კობახიძეს შეუძლია ყურადღება „გირჩსაც“ მიაქციოს. ამის შესახებ „2020NEWS“– თან საუბრისას განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელიც თვლის რომ ოპოზიციას ბოიკოტის არაფერი ეტყობა, დაფინანსებაც აიღო და მომდევნო არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, სასაცილო იქნება, მოლაპარაკებები დაიწყოს, რაღაცაზე შეთანხმდნენ და მერე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს თხოვნით მიმართონ: იცი რა, გადავიფიქრეთ და მანდატები უკან დაგვიბრუნეთო. სწორედ ამიტომ არ ტოვებს ჯერ „გირჩი“ მანდატებს ოფიციალურად.
– საპარლამენტო უმრალესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მოქალაქებისა” და “გირჩის” გარდა, დანარჩენ ოპოზიციას საბოტაჟის ცდუნება ჰქონდათ და თქვენ რატომ დაგინდოთ?
– არ მომისმენია მისი ეს განცხადება, მაგრამ თუ ბოიკოტს გულისხმობს, ჩვენ ოპოზიცის ერთობის მომხრე ვართ. უბრალოდ, სპექტაკლებში არ ვიღებთ მონაწილეობას. მაგრამ, როგორც კი 38 დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მეორე დღესვე „გირჩიც“ გავა პარლამენტიდან. ასე რომ, ირაკლი კობახიძეს შეუძლია ყურადღება ჩვენც მოგვაქციოს.
– მანამდე გინდობთ?
-ჩვენ, უბრალოდ, ვერ დაგვასახელებს, იმიტომ, რომ არ ვიღებთ ფულს და მართლა ბოიკოტში ვართ. ყველაზე მკაცრი ბოიკოტი, ჩვენი კოლეგებისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს. ისინი ფულსაც იღებენ და მომდევნო არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებენ, მაგათ ბოიკოტის არაფერი არ ეტყობათ ამიტომ ჩვენ უფრო რადიკალები გამოვდივართ.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაში ვის როგორ დაანაწილებს, მისი საქმეა, მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება ერთ-ორ კვირაში, პარლამენტს ჩვენც დავტოვებთ.
– რამდენიმე დღის წინ, „2020NEWS“-თან ინტერვიუში ამბობდით, რომ მანდატებზე უარს ოფიციალურად, ხუთშაბათს იტყოდით, ორი კვირით რატომ გადადეთ ეს პროცესი?
– იგივე სიტუაციაა, უბრალოდ, ამ განცხადებებს აქვს ვადა, შეიძლება, გადაიფიქრონ და სასაცილო იქნება, მოლაპარაკებები დაიწყოს, რაღაცაზე შევთანხმდეთ და მერე არჩილ თალაკვაძეს თხოვნით მივმართოთ: იცი რა, გადავიფიქრეთ და მანდატები უკან დაგვიბრუნეთო.
არ გვინდა, რომ ასეთი რამ დაგვემართოს და დასაცინი გავხდეთ, მაგრამ თუ ბოიკოტი შედგება, ბუნებრივია, ჩვენ ამ ბოიკოტის ნაწილი ვიქნებით.
ჩვენს შემთხვევაში ორი დღის საკითხია, არაფერი კრიტიკული არ მოხდება, როგორც კი ფაქტი შედგება, ორ დღეში „გირჩიც“ იგივეს გაიმეორებს.
– ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შეთანხმების მისაღწევად დარჩენილია 10 დღე. როგორ ფიქრობთ, შედგება მხარეებს შორის შეთანხმება?
– მართალი გითხრათ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ირაკლი კობახიძის განცხადებებისა მიმართ და პარლამენტში კანონპროექტების შეტანაზე. ამის დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შანსი არსებობს და ვიდრე შანსი არსებობს, სჯობს, გამოვიყენოთ. არ მგონია, რომ მომავალში რამე კარგი გველის“.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “მოქალაქებისა” და “გირჩის” გარდა, დანარჩენ ოპოზიციას საბოტაჟის ცდუნება ჰქონდათ. მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრიდან მხოლოდ ეს ორი პარტია მოიქცა პასუხისმგებლიანად.
შეგახსენებთ, გუშინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ლიდერი ისაა, ვინც პარლამენტში ჩაის დალევს, როგორც ეს მან გააკეთა 2003 წელს, როცა ვარდების რევოლუციის დროს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მწვანე ჩაი დალია, როცა ხალხთან ერთად პარლამენტის პირველ სდომაზე შეიჭრა და ჩაშალა.
სხვათაშორის, სააკაშვილმა ახსენა სტაფილოს წვენი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი სასმელია. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას უპასუხა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, როცა ოპოზიციურ პარტიებს რეგისტრაციიდან მოხსნით დაემუქრა, პარლამენტის საბოტაჟისთვის.

