“სტუმრებს აცილებდა, როცა მანქანა დაეჯახა” – თელავში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

"სტუმრებს აცილებდა, როცა მანქანა დაეჯახა" - თელავში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალაახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტომანქანა საკუთარ სახლთან შეეჯახა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოთხდღიანი რეანიმაციული ღონისძიებებისა და ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას თავის ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან შეეჯახა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან სტუმრებს აცილებდა.

გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეჯახება მოხდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოგვიანებით, მძღოლი პოლიციაში თვითონვე გამოცხადდა. მას მსუბუქი სიმთვრალე აღენიშნებოდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

პრაიმ ტაიმი