თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მის ოჯახში „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირები იყვნენ მისული.
– მოლაპარაკებებში თქვენი მეუღლეც იყო ჩართული. მუქარაც ხომ არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენს მეუღლეს აქვს ბიზნესი?
– გაგინადგურებენ ბიზნესს და, როდესაც კედელთან მიგიმწყვდევენ, მერე დაგიწყებენ ლაპარაკს. ადამიანები ვერ უძლებენ ამას. ერთი დღე არ მინდა, ცოცხალი ვიყო, თუ ვნახე, რომ ჩემი ქვეყანა რუსეთისკენ წავიდა. ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბევრი არ არის ასეთი იდეალისტი.
– იმ შეხვედრებზე ასეთი ქვეტექსტებიც იყო, რომ შესაძლოა, ასეთი რაღაცა თქვენს ბიზნესსაც დამართონ?
– ერთ შეხვედრაზე იყო ქვეტექსტი და შემდეგ შეხვედრებზე ღიად იყო ნათქვამი. რაღა ქვეტექსტია, როდესაც შენს ბიზნესზე, რომელიც გაგინადგურეს და ამაზე გეტყვიან, ყველაფერს აღვადგენთ და ყველაფერი გაკეთდება, ოღონდ უნდა შეხვიდეო?!
– ანუ ბიზნესი უკვე გაგინადგურეს და შეგპირდნენ, რომ ამ ბიზნესს აღგიდგენენ?
– რა თქმა უნდა. მეკითხებიან ხოლმე, რთული არ იყოო? ამხელა ბიზნესზე როდესაც არის საუბარი, რთულია, აბა, რა ჯანდაბაა! მილიონებიან ბიზნესზე როცაა ლაპარაკი, რთულია, აბა, რა არის!
– კონკრეტული თანხა არ დასახელებულა?
– ამაზე მერე ვისაუბრებთ. იურისტებთან კონსულტაციების გარეშე ნაბიჯს არ ვდგამ, რადგან არ ვარ იურისტი. როგორც საჭირო იქნება, ისე გავაკეთებთ.
– ირაკლი კობახიძემ თქვენს განცხადებას ტყუილი უწოდა. რას იტყოდით?
– რაც საჭირო იყო, ყველაფერი ვთქვი და რაც უნდა, ის უწოდოს, რაში მაინტერესებს! ირაკლი კობახიძეა თავიდან ბოლომდე ტყუილი. ასე რომ, ნაკლებად მაინტერესებს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა