ელისაშვილი – „ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, ამიტომ არ გამოუშვეს რურუა“

ელისაშვილი - „ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, ამიტომ არ გამოუშვეს რურუა“პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ისევ იმეორებს, რომ გიორგი რურუას ციხეში დატოვება ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ ქართულ ოცნებასთან “სიტყვა გატეხეს”. ფორმულას ეთერში, გადაცემა “კომენტარში” საუბრისას ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც შეწყდა პატიმრების გამოშვება:

“ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. მარტივია, დეტალებს მოყოლაც არ უნდა.

შეთანხმდნენ რაღაცაზე და სიტყვა გატეხეს, რასაც დაჰპირდნენ ქართულ ოცნებას პატიმრებთან დაკავშირებით, იმის საწინააღმდეგო მოქცევა დაიწყეს. ვინც იყო მონაწილე, კარგად იცის”.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა შეთანხმებას გულისხმობს ის, ელისაშვილი აცხადებს, რომ ვერ იტყვის დეტალებს.

“შეთანხმდნენ რაღაცაზე, ამ შეთანხმების კვალდაკვალ გამოვიდნენ ციხიდან ოქრუაშვილი, უგულავა და უნდა გამოსულიყო რურუაც, მაგრამ იმის გამო, რომ სიტყვა გატეხეს, რურუას გამოშვება გაჭირდა”, – ამბობს ელისაშვილი.

14 იანვარს პოლიტიკის ფორმულაში სტუმრობისას მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მზაობა გამოთქვა, განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებულ შეთანხმებას აუცილებლად შეასრულებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა.

“ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ”, – განაცხადა ელისაშვილმა, – “ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს”.

ფორმულა