პირველი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია. მეორე, – იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამარჯვებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.
ივანიშვილის წერილი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. წასვლას საქმით დადასტურება სჭირდება, ვინაიდან „ყალბი მეორედ მოსვლა ბევრჯერ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში“.
„ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა ამას, არ გვინდა. ამიტომ, მისი წასვლის შესახებ დადასტურება რეალურ ქმედებებში უნდა მივიღოთ. მისთვის გამარჯვება და პოლიტიკიდან გამარჯვებულად გასვლის იმიტირება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი არგუმენტები არადამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა არის, გამარჯვებაზე სრულიადაც არ მეტყველებს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით,
საუბარი გამარჯვებაზე ძნელია, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას.
გასვლა ასე ადვილი არ არის. შეიძლება, უნდა კიდევაც გასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ძაფი მასთან მიდის. ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია.
პირველი ინდიკატორი იმისა, რომ იგი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან, მარტივი რაღაც იქნებოდა – მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი არ ჰყავდეს ჩასმული მინისტრთა კაბინეტში… გახარიას ერთი მინისტრი არ დაანიშნინეს, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გუნდია. გარდა ამისა, ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა მისი კონტროლის ქვეშ არის.
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გახარიას კაბინეტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ აწერია, არამედ ის, რომ იგი რეალური ხელისუფალია. თუ ჩვენ ამას დავინახავთ ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
იპნ

