მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ელჩებთან, ივანიშვილმა დასავლეთისგან გარანტიები მიიღო, რის სანაცვლოდაც მან “ოცნებისგან” ჩამოშორების პირობა მისცა.
– როდის გადაწყდა ეს ამბავი?
– სავარაუდოდ, ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის, შეხვედრისას. მაშინვე გავიგე ჭორის დონეზე, იყო კულუარული საუბრები. ეს ინფორმაცია არ გამოსულა ფართო მასებში, მაგრამ მე მაშინვე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ ის ჩამოშორდებოდა ამ გუნდს.
ამ ადამიანს არ უნდა თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება, მით უმეტეს, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც გაზაფხულზე გველოდება. ამიტომ მან ღიად გამოაცხადა, მე ჩამოვშორდი ამ გუნდს, თავი დამანებეთ, საერთოდ მომეშვითო.
ახლა რეალურად მართლაც რთული იქნება მისთვის რამის გადაბრალება. დღეს ხელისუფლება ცოტა დაბნეულია.
– რატომ?
– ადრე მიჩვეული იყვნენ, რომ ყველა ბიძინას ეკითხებოდა ჭკუას, მის გადაწყვეტილებს ელოდნენ. ახლა არ იციან, რა ქნან.
მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი ისე წავიდოდა, კონტროლის მექანიზმებს არ დაეტოვებინა. ალბათ, ყველაზე დაახლოებული ძალოვნები ვინც ჰყავს, მათთან რაღაცა კონტაქტი ექნება და მათი მხრიდან ინფორმაციას მიიღებს. ამ სიტუაციაში კი მისთვის მთავარი გარანტიები იყო.
– მიიღო კი გარანტიები?
– დარწმუნებული ვარ, მიიღო, იმიტომ, რომ იმდენად აქტიურად გადაეფარა მას დასავლეთი, იმდენად აქტიურად მოითხოვეს ოპოზიციის შესვლა პარლამენტში, დახუჭეს თვალი ბევრ დარღვევაზე არჩევნების დროს, ეს მაფიქრებინებს იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანის წასვლა პოლიტიკიდან. ისინი ცდილობენ, დღეს ეს სტატუსკვო შენარჩუნდეს, ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა