დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის განცხადებით, 200- ათასიანი მასშტაბის რუკაზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან მთლიანად მცდარია.
როგორც მან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის, ვინც აღნიშნულ რუკაზე აპელირებს, ამ საქმე არ იცის, ან მთავრობა ამ საქმეს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.
„200 – ათასიანი მასშტაბის რუკაზე ადრეც განმიცხადებია და ახლა ახლას ვერაფერს გეტყვით. ის არის დიდი შეცდომების მქონე რუკა, მასალა, მასზე დაყრდნობა არ შეიძლება იმიტომ, რომ მთლიანად მცდარია ეს რუკა. ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ამ ხალხმა ან საქმე არ იცის, ან დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ პოლიტიკური ზეწოლისთვის არის გამოყენებული“,- განაცხადა მელაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მასზე არცერთი მხარის მხრიდან არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.
„არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომიდან და არც ქვემდგომიდან. ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს. ასევე იყო ნატალია ილიჩოვაც და კომისიის ის წევრებიც, ვინც განხილვაში მონაწილეობდნენ. ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც თავში მოუვიდა, კი ბატონო, აგერ არის სასამართლო. საერთოდ არ იყო ჩვენი დაჭერა აუცილებელი, აუცილებელი კი არა, ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოა და შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ის, რომ ციხეში გვამყოფეს“,-განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20.000 – 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
იპნ

