ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბათუმში ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა სამარცხვინო საქციელია:
– ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი. საკმაოდ სამწუხარო ინციდენტი მოხდა.
ოპოზიციის მთავარი კოზირი დღეს არის მისი მორალური უპირატესობა. იცის ხალხმა, რომ ოპოზიციაა მართალი. ხალხმა იცის, რომ ოპოზიციამ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ხელისუფლებამ, თუნდაც იმ მაჩვენებლებით, რაც დაიწერა.
– და თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ ეს მორალური უპირატესობა არ უნდა დაკარგოს თავისი ქმედებებით და წინდაუხედავი ნაბიჯებით?
– მორალური უპირატესობის დაკარგვა ნიშნავს, რომ ხელისუფლების წისქვილზე ასხამ წყალს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მსგავს სიტუაციას ხელისუფლება ყოველთვის გამოიყენებს ოპოზიციის დასასუსტებლად.
არის მეორე მხარეც, ვინც უნდა იყოს ეს ადამიანი, მისი ღირსების შელახვა არ არის ღირსეული საქციელი. ასეთ საქციელს, რაც ბათუმში ჩაიდინეს, ჯობია ხელი გაარტყა, თუმცა არც ამისკენ მოვუწოდებ არავის, ესეც დანაშაულია. თუმცა დამცირების ფორმასაც აქვს ზღვარი. ახალგაზრდა აქტივისტები არიან და შეცდომა მოუვიდათ.
ესენი აქტივისტები არიან და ასეთივე საშინელი საქციელი ჩაიდინა გორში საჯარო მოხელემ, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თავზე დაამხეს ნაგავი. მთელი ქვეყანა მოიარა ამ კადრებმა და ეს საჯარო მოხელე არავის დაუსჯია. ხელისუფლება ვერ გაუძლებს საპროტესტო მუხტს, ოპოზიციის ზეწოლას და ამ ყველაფრის ბოლო მაინც ვადამდელი არჩევნები იქნება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა