ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.
„როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე. ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა.
ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც. დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.
ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება.
ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად. და ბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის“, -აცხადებს კალაძე.
იპნ

