“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ სისხლშია გასვრილი. ამიტომაა, რომ ამომრჩეველმა არ მისცა ხმა გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას.
– ულიდეროდ დარჩენილ „ქართულ ოცნებაზე“ რას იტყვით? ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას პარტიის შიგნით გააქტიურებულ კლანურ გარჩევებს უკავშირებენ.
– დიახ, ხელისუფლებაში კლანური დაპირისპირებაა. კალაძეს სხვებმა უკვე დაარტყეს. თვითონ ბიძინა ივანიშვილმა წასვლის წინ მიუთითა, რომ პარტიაში იქნება დაპირისპირება. ამის ჩანასახი გამოჩნდა. კობახიძისა და სხვების ჯგუფებმა მიიტანეს იერიში კალაძის გუნდზე.
ამ ხელისუფლებაში არის კორუფციაც, უსამართლო ტენდერებიც, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოც (გელათის შემთხვევა). არის მანკიერება, მაგრამ, ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებით, „ოცნების“ ხელისუფლება არ არის სისხლიანი. ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ამათ მერე ხელისუფლებაში ჯანსაღი ძალა მოვა.
– თქვენ როგორ გაიგეთ ეს ფრაზა?
– ან ბიძინა ივანიშვილი თვითონ ჩამოაყალიბებს ახალ ძალას ისე, რომ არ გამოჩნდება, ან თვითონ პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის გარეშე მოამწიფებს ახალ ძლიერ მესამე ძალას. ამის საჭიროება დიდი ხანია, დამდგარია. მესამე ძალის შექმნას ცდილობდა “პატრიოტთა ალიანსი”. „ლელოც“ იბრალებდა, მესამე ძალა ვარო. სინამდვილეში, მესამე ცენტრი არ ჩამოყალიბებულა. რევოლუციის მოსურნე ერთმანეთზე გადაკიდებულ ოპოზიციას რომ რეიტინგი შეუმცირდა, ამაში დავრწმუნდით.
– ენდიაის ბოლო კვლევაზე საუბრობთ?
– დიახ. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ახლოს თქვენს შეხედულებებთან, ნაცმოძრაობა დაასახელა მხოლოდ 5-მა პროცენტმა. ამ ერთობის ჯამური რეიტინგიც ძალიან დაბალია. ეს გამოიწვია ოპოზიციური ერთობის შეცდომებმა.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა