ნინო ანანიაშვილი რუსეთში მიდის – რა კავშირი აქვს ამას გრიგოლ ვაშაძის ნაცმოძრაობიდან წასვლასთან

ნინო ანანიაშვილი რუსეთში მიდის - რა კავშირი აქვს ამას გრიგოლ ვაშაძის ნაცმოძრაობიდან წასვლასთანქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. როგორც ნინო ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მოლოდინი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მის მიმართ „შემოტევა იქნება“, რისთვისაც მზად არის.

ანანიაშვილის განმარტებით, ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელადაც რჩება. პრიმა ბალერინას თქმით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელობის შესახებ, გრიგოლ ვაშაძეს „სულაც არ გახარებია“.

„ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები – მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის“, – აცხადებს ანანიაშვილი.

როგორც ანანიაშვილი განმარტავს, არ ფიქრობს, რომ მის ამ გადაწყვეტილებას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს.

„არა, არა მგონია. იცით, როგორ არის, მე სულ მაქვს რუსეთის დიდი თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უცნაურს ნამდვილად არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მეტ თავის ტკივილს ვუჩენ. მართალი გითხრათ, გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მასაც ასე ავუხსენი, რომ დღეს ეს არის გამოსავალი. სხვა თეატრები დაკეტილია. რაც აქამდე გავაკეთე – ეს საკმარისი აღარ არის“, – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.

მისივე თქმით, კრიტიკას მოელის.

„ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი“, – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა .

მისი გადაწყვეტილება და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„არა, საერთოდ არანაირი კავშირი. არც კი ვამბობდი, რომ ასეთი წინადადებები მქონდა. ის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, თუმცა, ძალიან განიცდის, რადგან ხვდება, რომ ეს გამოიწვევს ჩემ მიმართ უარყოფით ტალღას, თუმც კი, ჩემი აზრით, უსამართლოდ. მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის. მგონი, რომ შემოქმედი ადამიანები გამიგებენ“, – აცხადებს ნინო ანანიაშვილი.

იპნ